ახალი ამბები

“ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდითო” – რა უთხრა წულუკიანმა ეკა კიკნაძეს მოწმის თანახმად

10 აგვისტო, 2022 • 1593
“ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდითო” – რა უთხრა წულუკიანმა ეკა კიკნაძეს მოწმის თანახმად

თბილისის საქალაქო სასამართლოში კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ ეკა კიკნაძის საქმის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეკა კიკნაძე მისი თანხმობის გარეშე ჯერ ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველის თანამდებობიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს.

ეკა კიკნაძე ითხოვს ლაბორანტად დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას ტოლფას სამუშაოზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

დღეს სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა ნანა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანმა ეკა კიკნაძისადმი მიუღებლობა პირველივე შეხვედრაზე გამოავლინა.

„ქალბატონი ეკას მიმართ პირველივე შეხვედრაზე მან გამოამჟღავნა მისი პიროვნების განსაკუთრებული მიუღებლობა. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ რაღაც კითხვებს გავეცით პასუხი და როცა ქალბატონი ეკა შეეცადა რაღაც განმარტების მიცემას, უთხრა, რომ „თქვენ ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდით!“ – თქვა სასამართლოზე ნანა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, შეხვევდრაზე თეა წულუკიანმა ეკა კიკნაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დაჯექი, დაჯექი, ნუ ნერვიულობ, არ დაგელევა სანერვიულო ერთი წლის განმავლობაში“.

„იყო ასეთი მიმართვა და საერთოდ ასე გვემუქრებოდა სხვადასხვა სიტყვით“, – განაცხადა ნანა ბურჭულაძემ.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

გირჩევთ წაიკითხოთ:
წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი