ახალი ამბები

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

22 ივლისი, 2021 • 4413
თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

„სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური“ – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის გვერდით დგას და თითქმის შეუმჩნეველია გამვლელი თვალისთვის, შემოღობილი სამშენებლო ღობის გამო. პანორამა ჩრდილავს 1830-იან წლებში აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ხელოვნების მუზეუმი და „პანორამა თბილისი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 130 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა უნდა გამოცარიელდეს. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არ გვპასუხობს კითხვაზე – თავად რას აპირებს. არც ის ვიცით, იგეგმება შენობის გამაგრება თუ უბრალოდ, დაინგრევა უმოქმედობის ფონზე.

რა ინახება ხელოვნების მუზეუმში?

მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ნაწარმოებები, XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი და სხვ.) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების, მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.

რას ამბობს და რას აპირებს სამინისტრო?

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმს რომ გადარჩენა სჭირდება და სავალალო მდგომარეობაშია, იცის კულტურის სამინისტრომაც. მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 5 თებერვლისთვის მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, რომელსაც სამინისტრო ასაჯაროებს, 2021 წლის 5 აგვისტოსთვის მუზეუმის თანამშრომლებისთვის ახალი დროებითი სივრცე უნდა შეირჩეს, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოდან -2022 წლის 5 თებერვალს ჩათვლით პერიოდში – მუზეუმის ექსპონატების გადატანა და შესაბამისი სივრცეების რეკონსტრუქცია უნდა დასრულდეს.

 

სამინისტრო თავის განცხადებაში საუბრობს ასევე შენობაზეც და ამბობს, რომ არაერთი ექსპერტიზისა თუ შეფასების დასკვნით, აქ თანამშრომლებისა და ექსპონატების შენახვა საშიშია. კერძოდ, დაზიანებულია მზიდი კონსტრუქციები, შენობის საძირკველი დგას წყალში და „სახეზე გვაქვს ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომ თითოეული დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. შედეგად, ქვეყნის ეროვნულ საგანძურს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური ზიანი,“.

დამატებით კი ამბობს ამას:

„რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად:

ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება, სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური;

ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი;

შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს“, – ამბობს სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში.

„სავალალო მდგომარეობას“ სამინისტრო არგუმენტად იშველიებს გამარტივებული შესყიდვის (SMP210002083) გამოცხადებისას. სამინისტროს სურს, რომ 166 492 ლარად შეიძინოს ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ქიმიური (ტექნოლოგიური) კვლევითი ლაბორატორიის მოწყობისთვის აუცილებელი სერვისი.

ასე ხსნის სამინისტრო ლაბორატორიის აუცილებლობას:

„მუზეუმისა და მასში დაცული ექსპონატების ინტერესების გამო, მიღებულია გადაწყვეტილება ექსპონატების სასწრაფო ევაკუაციის თაობაზე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N14916 ბრძანებით, დამტკიცდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მათ შორის ეფუძნება იუნესკო-ს (UNESCO) სპეციალური მისიის დასკვნას და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იქამდე, ვიდრე ევაკუაცია დაიწყება და მოხდება ექსპონატების გადაადგილება, წინასწარ დადგინდეს, ხომ არ ესაჭიროება რომელიმე მათგანს გადაუდებელი საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დადგენაც შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კვლევით ლაბორატორიაში. აღნიშნული ქმედებების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების ოპტიმალურ ვადებში რეალიზაციას.

დღემდე საქართველოში არ არსებობს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს კულტურულ ფასეულობათა სრულყოფილ კვლევასა და შესწავლას, მათი მდგომარეობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით. ამდენად, თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნების ნიმუშთა კვლევითი ლაბორატორიის შექმნა ყველა იმ პრობლემის გადაჭრას ემსახურება, რაც დაკავშირებულია ასევე საქართველოს მუზეუმებში, კერძო კოლექციებში და სხვა საცავებში დაცული (მათ შორის, დღემდე უცნობი) კულტურული ფასეულობების გამოვლენასთან, მათ შესწავლასთან, აღრიცხვა-პასპორტიზაციასა და ეროვნული საგანძურის სახელმწიფო დაცვითი რეესტრის შექმნასთან.“

ამავე შესყიდვის დოკუმენტაციაში თანდართულია თავად მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის წერილიც. დოკუმენტში, რომლის ადრესატი მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძეა, ახალბედაშვილი წერს, რომ შენობის სავალალო მდგომარეობის შესახებ ივნისში გაიგეს. შესაბამისად – „საბიუჯეტო წლის დაგეგმვის დროს, შეუძლებელი იყო გვევარაუდა ამგვარი საჭიროების არსებობა“.

სამინისტრო კრიტიკის საპასუხოდ ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

მას შემდეგ, რაც მუზეუმის ნგრევის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და უწყება არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, დღეს, 22 ივლისს, სამინისტრომ  კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მუზეუმის ნგრევაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. თუმცა, თავად რას აპირებს შენობის შენარაჩუნებლად – არ თქვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ახლა. ფოტო: კულტურის სამინისტრო

სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ ცრუა ის ინფორმაცია, თითქოს უწყება შენობას ანგრევს და აკრიტიკებს ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელევიზიო სიუჟეტსაც. შემდეგ ამბობს:

„სიცრუისა და ყალბი აღშფოთების ავტორებს შეუძლიათ იხილონ ამ განცხადებაზე დართული ფოტომასალა, რომელიც მათი და მათ ზურგს ამოფარებული პირების უმოქმედობის შედეგად შალვა ამირანაშვილის მუზეუმში არსებულ ვითარებას ასახავს.

ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა, სამწუხაროდ, ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, – წერია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში ნახსენებია მხოლოდ პუშკინის ქუჩაზე არსებული ესტაკადა (რომელიც ბოლოს, დღეს არსებული ფორმით, დავით ნარმანიას მერობის დროს გაიხსნა), თუმცა ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით: “საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმა” – ნათვქმია, რომ ისტორიული შენობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა ბოლო წლებში თავისუფლების მოედანზე, ალექსანდრე პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამშენებლო-ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმაც მოახდინა.

უცნობია, რა ბედი ეწევა ეროვნული მუზეუმის ვებგვერზე გამოქვეყნებულ რეაბილიტაციის გეგმას და ასევე, რას აპირებს სამინისტრო შენობასთან დაკავშირებით. ჩვენს ამ კითხვებს უწყებაში არ უპასუხეს.

ვსაუბრობთ არქიტექტურულ საგანძურზე, სიტყვა რენტაბელური არარელევანტურია – ამაშუკელი

შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და მისი გადარჩენის აუცილებლობაზე ნეტგაზეთთან ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა ისაუბრა. ის გვიყვება, რომ შენობა 1830 -იანი წლების ბოლოს იაკობ ზუბალაშვილმა ააგო, შვეიცარიელი არქიტექტორების პროექტის საფუძველზე. ამაშუკელი ამბობს, რომ 1840-იან წლებში შენობა ეკლესიამ შეიძინა და აქ სემინარია განათავსა. სემინარია ამ შენობაში 1910-1911 წწ-მდე იყო განთავსებული, შემდეგ ის ვაკეში, ახალაშენებულ შენობაში გადავიდა.

მისი თქმით, 1917 წელს შენობაში ჯერ სასტუმრომ “ცარსკიე ნომერა” , შემდეგ- “სასახლის სასტუმრომ” , განსაბჭოების შემდეგ კი “პალას ოტელმა ” დაიდო ბინა. 1923 წლით დათარიღებულ სარეკლამო ფურცელში კი ეწერა – “რომ ეს ქალაქში ყველაზე დიდი სასტუმროა, აქვს საუკეთესო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, საკუთარი საპარიკმახერო, სააბაზანოები და დიდი დეკორატიული ბაღი.”

1930 -იან წლებში სახელმწიფომ სასტუმრო დაუხურა და შენობა სახელმწიფო უწყებისთვის გადაეცა, ხელოვნების მუზეუმის ფუნქცია კი 1952 წელს შეიძინა.

„სამწუხაროა, რომ ამ შენობის ღირებულებაზე და მნიშვნელობაზე გვიწევს საუბარი, ეს თითქოს ყველასათვის ნათელი უნდა იყოს. მისი ღირებულება ძალიან მაღალია, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე ისტორიულით, მას უკავშირდება ბევრი საინტერესო მოვლენა და ფაქტი.

აღარ ვსაუბრობ უკვე არქიტექტურულ მნიშვნელობაზე. კერძოდ, იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპული არქიტექტურის შემოსვლას თბილისში, თუ როგორ ტრანსფორმირდა ევროპული არქიტექტურა , როგორ მოირგო ის თბილისმა და როგორ შექმნა სრულიად განსხვავებული, სრულიად უნიკალური ქალაქი , ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომ აქ სიტყვა „არარენტაბელური“, სულ მცირე, გაუგებარია… 
“, – განმარტავს ნეტგაზეთთან ამაშუკელი.

შეფასებაზე „არარენტაბელურია“ საუბრისას ამაშუკელი დასძენს, რომ მისთვის მთავარი კითხვაა, თუ რა დავალება მიეცათ კონსტრუქტორებს და რას აფასებდნენ ისინი – „რა უფრო “იაფია”, ახლის აშენება თუ ძველის რესტავრაცია? როგორ აფასებდნენ კონსტრუქტორები, არის თუ არა რენტაბელური გამაგრება-შენარჩუნება? საიდან მოვიდა, რას ეყრდნობა ეს დასკვნა და რატომ იმეორებს ამ სრულიად უმეცარ, შეიძლება ითქვას, მავნებლურ მოსაზრებას ინსტიტუცია, რომლის უმთავრესი ვალდებულება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა?!“.

„თუ დაკვეთა მიიღეს და კვლევა ჩაატარეს იმის გამოსავლენად, რა უფრო იაფია, რა თქმა უნდა, დადგებოდა შედეგი, რომ შენობის დაშლა და ახლის აშენება ბევრად იაფია, მაგრამ აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი უბრალოდ შენობაზე, ეს არის ისეთივე საგანძური არქიტექტურული თვალსაზრისით, მთელი საქართველოსა და თბილისისთვის, როგორიც არის ის საგანძური, რომელიც ამ მუზეუმშია მოთავსებული.

ამიტომ აქ სიტყვა „რენტაბელური“ აბსოლუტურად არარელევანტურია. ჩვენ ვსაუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობაზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერის ისტორიისთვის, ერის კულტურული მემკვიდრეობისთვის და ერის ისტორიული მეხსიერებისთვის. აქ საუბარი, თუ რა „დაჯდება“ მისი შენარჩუნება, უადგილოა. აქ საუბარია მეხსიერების შენარჩუნებაზე. იმის შენარჩუნებაზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და რაც ჩვენი ვალდებულებაა, რომ მომავალ თაობებს გადავცეთ. 

თუ ასე ვიმსჯელებთ, რომელი უფრო იაფია, დანგრევა თუ რესტრავრაცია, ყველა შენობის დანგრევა და ახლის აშენება უფრო იაფი იქნება. მაშინ ასე ვქნათ, ვანგრიოთ და თავიდან ვაშენოთ“, – აცხადებს ამაშუკელი და ამატებს, რომ ერთადერთი გზა ახლა შენობის გამაგრების პროექტის შექმნაა, რომელიც თავის მხრივ, პროფესიონალმა რესტავრატორებმა და კონსტრუქტორებმა უნდა შექმნან.

თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი შენობა. ამჟამად ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. წყარო: თამარა ამაშუკელი

მასალების გადაბეჭდვის წესი