ახალი ამბები

არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს – საინიციატივო ჯგუფი

24 სექტემბერი, 2023 • 1742
არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს – საინიციატივო ჯგუფი

საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კერძოდ, თეა წულუკიანმა 20 სექტემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რომ „მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა“, თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან „პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელია და საფრთხის შემცველი.

„ანუ, საბიუჯეტო თანხა გადახდილია პროექტში, რომლის რეალობად ქცევა შეუძლებელია და ამჟამად, მინისტრისვე თქმით, „დაწყებულია მისი მოდიფიცირება“. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს მოდიფიცირების პროცესს. ზემოთქმულის მიხედვით, ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

როგორც საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია და სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფები მუშაობენ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე. მათივე განცხადებით, ეს ხდება ისე, როგორც გელათის შემთხვევაში ხდებოდა.

„საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ გაჟღერებულ ინფორმაციას მივიჩნევთ საგანგაშოდ და ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს. „არარენტაბელური მემკვიდრეობა“ საფრთხეშია!“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი