ახალი ამბები

კილასონია: ანჩის ხატის დაზიანების რისკი მისი გადაადგილებისას მაღალია

6 აგვისტო, 2021 • 1763
კილასონია: ანჩის ხატის დაზიანების რისკი მისი გადაადგილებისას მაღალია

ხელოვნებათმცოდნე სოფია კილასონია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩის ხატი საპატრიარქოს გადაეცემა და ტაძარში გამოიფინება, ძეგლს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

კილასონია აცხადებს, რომ ანჩის ხატის შემთხვევაში ძეგლის დაზიანების რისკი მაღალია მისი სიძველისა და გამოყენებული მასალის გამო და, შესაბამისად, მისი გადაადგილებაც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს:

“საქართველოს საპატრიარქოს უკვე მრავალი წელია აქვს სურვილი, რომ საგანძურის ქრისტიანული ნაწილის მნიშვნელოვანი ძეგლები მის მფლობელობაში გადავიდეს. იგულისხმება ის, რომ მათი ადგილმდებარეობა იყოს ტაძრებში. ყველაზე გამძაფრებული სურვილი არის ანჩის ხატთან მიმართებით, თუმცა ხახულის კარედი ალბათ იქნება შემდეგი, თუკი ეს პრეცედენტი დაიშვა. არსებობს ბევრი გამოცდილება, მათ შორის ქრისტიანული დატვირთვის, შინაარსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარკვეული ნაწილი არის ხოლმე ტაძრებში, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ძეგლის მდგომარეობა, მასალა და ტექნიკური საკითხები.

ანჩის ხატთან მიმართებით ყველა ეს საკითხი საგანგაშო ნიშნულზეა. ძეგლი არის ძალიან ძველი, მასალა არის სათუთი და დიდი დაზიანებები აქვს ამ ძეგლს. რისკი მაღალია არა მხოლოდ ტაძარში გადატანის, არამედ მისი გადაადგილების, ტაძარი კი არ არის სპეციფიკური გარემო. თუკი ის სამუზეუმო დღის წესრიგზე არ გადავა, რაც გამორიცხავს ტაძარში მუდმივ წირვა-ლოცვას და ლიტურგიის შესაბამის პროცესებს, თუკი სამუზეუმო რეჟიმზე არ გადავა, ძეგლი აუცილებლად დაზიანდება” ,- ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

კილასონიას თქმით, სამუზეუმო რეჟიმი კლიმატური პირობების განსაკუთრებულ კონტროლს გულისხმობს, ამასთან, დაცული უნდა იყოს განათების რეჟიმი და კონტროლდებოდეს სივრცეში ადამიანების რაოდენობა. მისი თქმით, სამუზეუმო რეჟიმი გამორიცხავს ძეგლთან ერთდროულად ბევრი ადამიანის ყოფნას:

“სამუზეუმო რეჟიმი გულისხმობს განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს, ადამიანების სივრცეში შესვლის კონტროლს, განიავების, განათების განსაკუთრებულ რეჟიმს და გამორიცხავს ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანის იქ ხანგრძლივად ყოფნას. ასეთი გამოცდილება შუასაუკუნეების ბევრ ტაძარს აქვს. განსაკუთრებით, აღორძინების ეპოქის ძეგლები ტაძრებში გვხვდება. საუბარია მე-15, მე-16 საუკუნის ძეგლებზე და არა მე-5 საუკუნის ძეგლზე, როგორიცაა ანჩის ხატი- ხე, ნაპრალები და ცვილის საღებავი, რომელიც ძალიან არამყარია და მგრძნობიარე” ,- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.

სოფო კილასონია ასევე აღნიშნავს, რომ საკითხი პრობლემურია კულტურის მართვის ჭრილშიც. კერძოდ, მისი თქმით, თანამედროვე გამოცდილება სამუზეუმო საქმესთან და კულტურის მართვის პროცესში პრიორიტეტს ანიჭებს საზოგადოების ინტერესს.

შესაბამისად, კილასონიას თქმით, ეს გულისხმობს ძეგლის საჯარო სივრცეში გამოფენას, როგორიც არის მუზეუმი. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოში კულტურის პოლიტიკის ტენდენცია უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებს აყენებს:

“ეს პროფესიული თვალსაზრისით. მაგრამ არის კულტურული პრობლემაც. ამ შემთხვევაში არა მარტო ანჩის ხატთან მიმართებით, არამედ მუზეუმის იდეასთან მიმართებით დგას ძალიან მკაფიო საკითხი- ჩვენ ვირჩევთ თანამედროვე გამოცდილებას, როგორც სამუზეუმო საქმესთან მიმართებით, ისე კულტურის მართვის პროცესში; ვირჩევთ თანამედროვე სტანდარტებს და ცოდნას და დემოკრატიული ღია საზოგადოების ღირებულებათა სისტემას ვეყრდნობით, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესი და არა ოლიგარქის, საპატრიარქოს ან რომელიმე ძალაუფლების მქონე ინსტიტუციის.

საზოგადოების ინტერესი თუ არის, ხელოვნების ძეგლები უნდა იყოს საჯარო სივრცეში, როგორიც არის მუზეუმი. თუ ჩვენ ვირჩევთ არქაულ ტრადიციებს და ვწყვეტთ, რომ მნიშვნელოვანია ძეგლი თუნდაც დაიტვირთოს, ოღონდ მასზე ვილოცოთ, ეს არის არქაული, ძველი, არც ისე კულტურული და ჰუმანური გადაწყვეტილებები. კულტურის პოლიტიკის ტენდენცია ისეთია, რომ ის უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, საზოგადოების ინტერესებს და რევერანსებს ახდენს ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებთან – ოლიგარქთან, საპატრიარქოსთან, რაც არის მძიმე შედეგების მომასწავებელი” ,- ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

3 აგვისტოს საქართველოს მართმადიდებელმა საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება. საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა, მეორე ნაწილი კი – შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.

ასევე, 3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი