ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმს ლიფტს მიუშენებენ, რეაბილიტაციაში 10 მლნ დაიხარჯება

6 მაისი, 2022 • 1155
ხელოვნების მუზეუმს ლიფტს მიუშენებენ, რეაბილიტაციაში 10 მლნ დაიხარჯება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობას გარედან ლიფტს მიუშენებენ, რამდენიმე სართულის რეაბილიტაციისთვის კი კულტურის სამინისტრო დაახლოებით 10 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

საუბარია შენობაზე, რომელიც გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩებს შორის მდებარეობს და ასევე, ცნობილია როგორც ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ტენდერში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 5 მაისს გამოქვეყნდა. წინადადებების მიღება 1 ივნისს იწყება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 10 008 826 ლარია.

შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაცია უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, დოკუმენტაციას თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იგეგმება როგორც ახალი კიბის უჯრედისა და ლიფტის მიშენება, ასევე საძირკველის მოწყობა. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ფასადზე იხსნება არსებული ეკლარის ქვა, რომელიც ადგილ-ადგილ ჩამოვარდნილია და მისი აღდგენა არარენტაბელურია, რადგან შენობა არ არის ისტორილი ძეგლი“.

„საექსპოზიციო სივრცეში იატაკებზე დაგებული იქნება გრანიტის ფილა, რაც გაზრდის მის ვიზუალურ ეფექტს. აღნიშნლი მასალა ნაკლებად ცვეთადია და ხანძარმედეგია. გასასვლელებში ეწყობა ხანძარმედეგი კარები. შიდა სივრცეებში ეწყობა ტაქტიკური ნიშნები, გოგებაშვილის მხრიდან ეწყობა შშმ პირების საქაჩი.

პროექტით განსაზღვრული მასალების ფერი და სტრუქტურა უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ეზოში მდებარე ღია გადახურულ სივრცეში მოეწყობა სახანძრო რეზერვუარი და სატუმბი სადგური, რომელიც იქნება შემოღობილი და ექნება კარი. ეწყობა საგენერატორო, რომელზედაც დაერთებული იქნება სახანძრო სისტემა. პროექტი ითვალისწინებს შენობის რეაბილიტაციას“.

რეაბილიტაციამდე ხელოვნების მუზეუმის შიდა ეზო, ანუ ადგილი, სადაც სამომავლოდ ლიფტი უნდა დამონტაჟდეს, გამოიყურება ასე:

ხელოვნების მუზეუმის შიდა ეზო. ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია

რეაბილიტაციის შემდეგ კი ლიფტი უნდა იყოს ასეთი:

ლიფტი. ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია

ამ დოკუმენტაციას ბოლოში ლიფტების კატალოგი აქვს მიბმული – რუსულ ენაზე.


30 აპრილს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის, ე.წ. სემინარიის შენობის რეაბილიტაცია 20 მილიონ ლარამდე დაჯდება.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი. შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი