ახალი ამბები

დადასტურდა, რომ კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“ ფიროსმანს ეკუთვნის – მუზეუმი

24 იანვარი, 2024 • 2154
დადასტურდა, რომ კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“ ფიროსმანს ეკუთვნის – მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის ცნობით, ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარი „ირემი“ ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის.

მუზეუმის განცხადებით, 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მოქალაქე ლაშა შენგელიამ მიმართა და კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“ წარადგინა.

მათივე ცნობით, ფერწერულ ნამუშევარს ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ…“ და ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. მუზეუმის თანახმად, ზეთში შესრულებული ნახატის ზომა 80,5×102-ია და ნამუშევარი რესტავრირებულია.

მუზეუმის განცხადებით, ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის – „ირემი“ – ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო.

„საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ – სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე – სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას, პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის – „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი”,- ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი