ახალი ამბები

ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების თხოვნით პატრიარქმა პრემიერს მიმართა

3 აგვისტო, 2021 • 3496
ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების თხოვნით პატრიარქმა პრემიერს მიმართა

ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის წერილი, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიაში დაბურნებას სთხოვს.

მთავრობაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ეს წერილი ადმინისტრაციაში მართლაც შევიდა.

წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა ანჩისხატის გადმოცემის საკითხს ხელისუფლების წინაშე – „მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის სათანადო პირობები შექმნილიყო“.

ამის შემდეგ საპატრიარქო განმარტავს, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ხატის კიოტი შექმნეს.

„მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისთვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიაში, ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად“, – წერია წერილში.

წერილი, რომელიც მოძრაობამ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ გაავრცელა


წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახში ინახებოდა.

თუმცა სამინისტროს უმოქმედობის ფონზე 2-საუკუნოვანი შენობა ინგრევა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში კი აქედან ექსპონატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია უნდა მოხდეს.

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი