კომენტარი

რატომ არ უნდა დააბრუნონ ანჩის ხატი ტაძარში | დეკანოზი ლევან მათეშვილის მოსაზრება

16 ნოემბერი, 2022 • 1380
რატომ არ უნდა დააბრუნონ ანჩის ხატი ტაძარში | დეკანოზი ლევან მათეშვილის მოსაზრება

ავტორი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, დეკანოზი ლევან მათეშვილი


ხელოვნების მუზეუმში დაცული საეკლესიო ნივთების, განსაკუთრებით ისტორიული ხატების კოლექციის დაშლას და ეკლესიებში დაბრუნებას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ამას არც – ხატი ეკლესიისააო – მოსაზრება ამართლებს, არც თეოლოგიური, არც ეროვნული, არც პრაგმატული, არც ისტორიული კუთვნილების მოთხოვნა.

ანჩის ხატის სამრევლო თურმე ითხოვს ხატის დაბრუნებას ისტორიულ საფუძველზე და ა. შ. მაგრამ ისტორია სხვა ბევრ მესაკუთრეს იცნობს: კლარჯეთს – ანჩის საეპისკოპოსოს, სამცხის ათაბაგების ოჯახს, თბილისელ ვაჭარ ამირჯანას, დომენტი კათალიკოსს, ამილახვრების ოჯახს, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი ანჩის ხატის ტაძარს, საიდანაც 1795 წელს გაარიდეს და მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ბრუნდება მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე, ბოლო 100 წელი კი მუზეუმია მფლობელი.

მაშინ დავაბრუნოთ გელათში ხახული, წილკანში, აწყურში- ღვთისმშობლის ხატები, ბედიის ბარძიმს ფეხი გავუკეთოთ და ბედიაში თუ ვერა, ზუგდიდში დავაყენოთ ამით ლიტურგია. აზრი? ზოგიერთის აზრით მეტი მადლია, ჰოი, უბადრუკობავ და გულარძნილობავ!

დღემდე მუზეუმების სარდაფებშია უამრავ წმინდანთა ნაწილები, რომლებიც არანაირ მატერიალურ ღირებულებას არ წარმოადგენს და მათ დაბრუნებაზე არ ზრუნავთ, დღემდე ღვთისმშობლის კვართი მუზეუმშია გამოკეტილი და გადმოცემას არ ითხოვთ და მაინცდამაინც იმ ხატების დაბრუნება განიზრახეთ, რომლებშიც საქართველოს ისტორია, ეპოქები და მესაკუთრეები არიან ჩაქსოვილი, რადგან მეტი მადლი მიიღოთ და გავიწყდებათ, რომ მადლის წყარო თავად ღმერთია, რომელსაც ქსეროასლიდანაც შეუძლია იმოქმედოს და მაგის გარეშეც.

რა ნეოპაგანური მიდგომებია…

მოკლედ, მე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერ მხარს ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპოზიციების დაშლას, თუკი ცალკე აშენდება (და ასეც იყო შეთანხმებული თუ დაპირებული) საეკლესიო მუზეუმი.

ანჩის ხატის შესახებ

ანჩის კარედი ხატი საქართველოს ისტორიაში ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. მიიჩნევა, რომ ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელი–რკინაელის შეკვეთით ოქრომქანდაკებელმა ბექა ოპიზარმა შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წყაროების თანახმად, 1660 წელს დომენტი კათოლიკოსმა 120 თუმნად ჩამოატანინა გორელ ვაჭარს – ამირჯანა ივანგულიშვილს სამცხედან 10 ხატი, რომელთა შორის უპირველესი იყო ანჩის ხატი.

ამის შემდეგ ხატი გადაიტანეს ჯერ გორში, შემდეგ – სოფელ ჭალაში, ბოლოს კი, თბილისში – ღმრთისმშობის ეკლესიაში, რომელიც ამის შემდგომ ანჩისხატის ეკლესიად იწოდება.

წლების განმავლობაში ანჩის ხატი, დაცვის მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა, რომელიც ახლა ინგრევა. ანჩის ხატი ამავე მუზეუმის ოქროს ფონდის ერთ-ერთი ექსპონატი იყო.

წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პირები ხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვდნენ, გასული წლის 3 აგვისტოს კი საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს სთხოვა ოფიციალური წერილით.

ერთ-ერთი, ვინც ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს, არის ზაზა ნანობაშვილი — “ანჩის ხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელი, რომელიც აქციებსაც მართავს ხსენებული მოთხოვნით.

საპატრიარქოს წერილში, რომელზეც ილია მეორის ხელმოწერაა, ნანობაშვილი მოხსენიებულია, როგორც ადამიანი, რომელმაც “დიდი სამუშაოები ჩაატარა” ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემის კუთხით.

თუმცა, მიმდინარე წლის ივნისში, ნანობაშვილის მიერ ხელოვნების მუზეუმთან გამართული მორიგი აქციისა და პოლიციის ჩარევის შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკრიტიკა ნანობაშვილი და თქვა, რომ მისთვის “არავის დაუვალებია ხსენებული ხატის პატრონობა”.

ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ხატის გადატანასა და მის ეკლესიაში განთავსებას სარისკოდ მიიჩნევს. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს იმასაც, რომ თუ სახელმწიფო დათანხმდება ეკლესიის თხოვნას, ანალოგიური მოთხოვნა შემდგომში სხვა ექსპონატებთან მიმართებაშიც გაჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი