ახალი ამბები

რთულია პროგნოზის გაკეთება – დარჩიაშვილი EU-ს კანდიდატობაზე

27 მაისი, 2022 • 895
რთულია პროგნოზის გაკეთება – დარჩიაშვილი EU-ს კანდიდატობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, „მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება“.

„[პროგნოზი რთულია] მაშინ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთიანი მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს.

წევრ ქვეყნებს შორის გაფართოვების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დარჩიაშვილის განცხადებით, გამართული შეხვედრების დროს ევროპელი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში, თუმცა „გართულებულია გარემოც“.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეხვედრების დროს, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ამიტომ ვფიქრობ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომლებიც გაიმართება, თუმცა გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები“,

თუმცა მინდა დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, თუმცა გარემო რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონული უსაფრთხოება, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორებისთვის, ამიტომ უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მინისტრმა.


ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი და დროში გაწელილი პროცესია, რომელიც არაერთ ეტაპს მოიცავს და გზად არაერთი რეფორმის განხორციელებას ნიშნავს.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით.

გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შემდეგი ეტაპი მოიცავს ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყნისთვის კითხვარის წარდგენას. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს, მოგვიანებით კი ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს. ევროპული საბჭოს მიერ ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც, ასევე შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს.

ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტმა ჯეკ პეროკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიდა მოხმარების დოკუმენტს გაეცნო და ევროკომისია დაჩქარებული ტემპით, უკვე 24-25 ივნისის სამიტზე გეგმავს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

ნეტგაზეთის რამდენიმე ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოსთვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება, ყველაზე მოსალოდნელი სცენარია.

უფრო მეტი მოსალოდნელი სცენარების შესახებ, წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი