მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
„პრეზიდენტმა მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას“, — აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა არ პასუხობენ კითხვას, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე მთავრობის ნებართვა.
„ქართული ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას მორიგ ჯერზე არღვევს.
„მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და თან რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად იწევა კამპანია, რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე — იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში იქნებოდა. ასეთ კონფერენციებში, მათ შორის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნება ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი”, — განაცხადა მდინარაძემ.
გასულ წლებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრები (ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე). წელს მთავრობიდან წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.
მიუნხენის უსაფრთხოების მე-60 საიუბილეო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.
პარალელურად გამოქვეყნდა მიუნხენის უსაფრთხოების 2024 წლის ანგარიში. დოკუმენტის აღმოსავლეთ ევროპის თავში, რომლის ავტორები ნიკოლ კოენიგი და ლეონარდ შუტე არიან, საუბარია დემოკრატიის გამოწვევებზე საქართველოში. ანგარიშის თანახმად, მაშინ, როცა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ცდილობენ დასავლეთთან ინტეგრაციას, ბელარუსი რუსეთში ერთადერთ მოკავშირედ რჩება აღმოსავლეთ ევროპაში.
„რუსეთმა შეიძლება ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის თავის ბანაკში შეთრევა, მაგრამ მაინც ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ დასავლურ ინტეგრაციას. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე და ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ ევროკავშირიდან დისტანცირებაზე“, — ნათქვამია ანგარიშში.