საზოგადოება

5 პასუხი, რომელიც ბრიუსელიდან შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე

26 მაისი, 2022 • 2981
5 პასუხი, რომელიც ბრიუსელიდან შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ სცენარებს, რომელთაც, შესაძლოა, მოსაზრების დოკუმენტი საქართველოს შესახებ შეიცავდეს.

#1 კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე

ამ სცენარის თანახმად, ევროკომისიამ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, დამატებითი ვალდებულებებისა და შესასრულებელი პირობების გარეშე. ეს არსებული ვარიანტებიდან საუკეთესო სცენარია.

წარსულში მსგავსი, პირობებისგან დაცლილი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2004 წლის მარტში გააკეთა, ხოლო ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მალევე, 2005 წელს დააფიქსირა. 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, ევროკომისია მუდმივად გასცემდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას. 2015 და 2016 წლებში მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია შეიცავდა პირობებს, რომ გაგრძელებულიყო პრჟინოს შეთანხმების შესრულება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის მედიაციით მიიღწა და უნდა დაფიქსირებულიყო მნიშვნელოვანი პროგრესი გადაუდებელი რეფორმების განხორციელებაში.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიაში რეფორმების განხორციელებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გზაზე პროგრესს მიაღწიეს, ევროკომისიამ კვლავ დააყენა ქვეყნისთვის უპირობოდ მოლაპარაკებების დაწყების წინადადება, რასაც ევროსაბჭო საბოლოოდ 2020 წელს დათანხმდა.

#2 კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებით და ვალდებულებებით

აღნიშნული სცენარით, ევროკომისია მხარს დაუჭერს თბილისისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემას, თუმცა დამატებითი პირობებით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ეს რიგით მეორე საუკეთესო სცენარია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მრავალწლიან პროცესს იწყებს.

ევროკომისიამ წარსულში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მსგავსად მონტენეგროს მიანიჭა. ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2008 წელს, სერბეთისგან გამოყოფიდან ორი წლის შემდეგ გააკეთა. 2010 წელს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მონტენეგროსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა გამოყო 7 მნიშვნელოვანი პირობა, რომელთა შესრულებაც იყო აუცილებელი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

მონტენეგროს დაევალა საარჩევნო კანონმდებლობის, საჯარო სამსახურისა და მართლმსაჯულების სფეროების გაუმჯობესება, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კუთხით ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მედიის თავისუფლების გამტკიცება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და პრაქტიკაში აღსრულება.

საბოლოოდ, მონტენეგროს ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის 29 ივნისს დაიწყო და კვლავ გრძელდება.

#3 პოტენციური კანდიდატის სტატუსი

ეს სცენარი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, რა დროსაც საქართველოს ექნება კონკრეტულ თარიღამდე დამატებითი პირობების შესრულების ვალდებულება, რომელთა წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ევროსაბჭო იქნება მზად იმსჯელოს ქვეყნისთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ანუ ფორმულა ამგვარია, თუ ქვეყანა გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, რაღაც დროის შემდეგ მას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

ნეტგაზეთის რამდენიმე ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოსთვის ეს ყველაზე მოსალოდნელი სცენარია. 

მსგავსი გადაწყვეტილება ევროკომისიამ, შემდეგ კი ევროსაბჭომ მიიღო ალბანეთის შემთხვევაში.

ტირანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს გააკეთა, რის შემდეგაც, ევროკომისიამ თავის მოსაზრების დოკუმენტში განაცხადა, რომ მანამ, სანამ გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყებოდა, ალბანეთს უნდა დაეკმაყოფილებინა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, კერძოდ, უნდა დაკმაყოფილებულიყო 12 ძირითადი პრიორიტეტი, მათ შორის, იყო პარლამენტის გამართული მუშაობა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, ომბუდსმენისა და მოსამართლეების დროულად დანიშვნა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარება, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, ციხეებში შესაბამისი პირობების შექმნა და სხვა.

2013 წელს ევროკომისიამ ალბანეთის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მიღწეული პროგრესის შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმული იყო, რომ 2013 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში ჩატარდა შეუფერხებლად და მოწესრიგებულად.

საბოლოოდ ალბანეთმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2014 წელს მიიღო, ხოლო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროსაბჭომ გადაწყვეტილება 2020 წელს დააფიქსირა.

#4 ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

ამ სცენარის პირობებში, საქართველოს შესახებ ევროკომისიის მოსაზრების დოკუმენტში ჩაიწერება დაახლოებით ისეთივე ფრაზა, როგორიც 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთდა, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, თუმცა გაურკვეველ მომავალში.

წარსულში მსგავსი ჩანაწერი გაკეთდა სალონიკის სამიტზე, რა დროსაც, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რათა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და მონტენეგრო ალიანსის წევრები გამხდარიყვნენ, თუმცა მათ ეს წავრობა უნდა დაემსახურებინათ და რამდენად შორს და რამდენად სწრაფად წავიდოდნენ ამ გზაზე, სწორედ მათზე იყო დამოკიდებული.

#5 გადაწყვეტილების მიღების გადადება

ამ სცენარის დროს, ევროკომისია გადაწყვეტილების მიღებას გადადებს, თუმცა, შესაძლებელია ცალკეული სცენარების განხილვაც, რა დროსაც, ევროკომისია მოლდოვისა და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გადადებს და განიხილავს მხოლოდ უკრაინის შემთხვევას, ან გადადებს მხოლოდ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და განიხილავს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევებს და ა.შ.

უარი?

გარდა აღნიშნული სცენარებისა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ევროკომისიამ უარყოს საქართველოს ევროპული მომავალი, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო, მეტიც, შესაძლებელია ითქვას, რომ არარეალური სცენარია. 

წარსულში მსგავსი უარის თქმის მხოლოდ ერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც ევროკომისიამ უარით მაროკოს განაცხადს უპასუხა. კომისიამ გეოგრაფიული არგუმენტით იხელმძღვანელა და განაცხადა, რომ მაროკო აფრიკის კონტინენტის ქვეყანა იყო, რის გამოც ვერ შეძლებდა ევროკავშირში გაერთიანებას.

ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები

ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი და დროში გაწელილი პროცესია, რომელიც არაერთ ეტაპს მოიცავს და გზად არაერთი რეფორმის განხორციელებას ნიშნავს.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით.

გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შემდეგი ეტაპი მოიცავს ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყნისთვის კითხვარის წარდგენას. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს, მოგვიანებით კი ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს. ევროპული საბჭოს მიერ ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც, ასევე შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს.

ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტმა ჯეკ პეროკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიდა მოხმარების დოკუმენტს გაეცნო და ევროკომისია დაჩქარებული ტემპით, უკვე 24-25 ივნისის სამიტზე გეგმავს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი