ახალი ამბები

არ უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას – ომბუდსმენი “ოცნების” დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტზე

6 მარტი, 2024 • 662
არ უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას – ომბუდსმენი “ოცნების” დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტზე

სახალხო დამცველი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს. ლევან იოსელიანის თქმით, დეტალურ შეფასებას კანონპროექტის გასაჯაროების შემდეგ გააკეთებს. თუმცა წინასწარ ასახელებს იმ დათქმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინიციატივა.

“წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჰომოფობიური კანონის მიღება დააანონსა. მართალია, დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ მდინარაძის თქმით, “უნდა აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა”. მდინარაძის მტკიცებით, “ქართული ოცნების” კანონპროექტი საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში  ამბობდა, რომ “ოცნება” არ მიიღებდა კანონპროექტს “ლგბტ-პროპაგანდის” აკრძალვაზე. ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კი ჰომოფობიური კანონპროექტის მიღება დააანონსა.

გირჩევთ, წაიკითხოთ მასალები “ნეტგაზეთის” არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი