ახალი ამბები

ლავროვის განცხადება ყირიმის და დონბასის სტატუსზე და კიევის პასუხი

31 მარტი, 2022 • 9413
ლავროვის განცხადება ყირიმის და დონბასის სტატუსზე და კიევის პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევმა გააცნობიერა, რომ ყირიმის და დონბასის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია.

ამის შესახებ მან განაცხადა რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას, რომელი 29 მარტს სტამბოლში გაიმართა.

„ეს მნიშვნელოვან პროგრესად მიმაჩინა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინის არაბირთვული, უბლოკო სტატუსის საჭიროებას და მის უსაფრთხოებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიღმა, ისევე როგორც, უკრაინელი კოლეგების მიერ იმის გააზრებას, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია“, – განაცხადა ლავროვმა.

თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვი ცდილობს,  მოლაპარაკებების პროცესი არასწორად იქნას აღქმული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ UNIAN-ს უთხრა.

მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის საკითხები საბოლოოდ გადაწყდება ამ ტერიტორიებზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ.

„დონბასის და ყირიმის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინა მათზე სუვერენიტეტს აღიდგენს. სტამბოლის მოლაპრაკებებზე უკრაინის დელეგეაციამ მოსკოვს განსახილველად წარუდგინა წინადადებები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს“, – განაცხადა ნიკოლენკომ.


29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. ერთ-ერთი საკითხი, რაც მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიები იყო, რომლის ნაწილსაც ამჟამად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მართავენ. რუსეთმა ისინი უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რასაც არ ეთანხმება არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ყირიმის საკითხზე უკრაინამ რუსეთს კონკრეტული წინადადებით მიმართა. კერძოდ, უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.

რაც შეეხება ლუგანსკსა და დონეცკს, უკრაინელი მომლაპარაკებლების განცხადებით, ეს რუსეთთან საუბრის განცალკევებული პუნქტია და ის უნდა განიხილონ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარგლებში. უცნობია, როდის ან საერთოდ შედგება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. უკრაინელი მხარის პოზიციაა, რომ ასეთი შეხვედრისთვის პირობები უკვე მომწიფებულია, თუმცა მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს.

გირჩევთ წაიკითხოთ: 3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი