საზოგადოება

3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან

29 მარტი, 2022 • 4214
3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან

29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გთავაზობთ მიმოხილვას მთავარ საკითხებზე, რომლებიც მხარეებმა განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე.

“ნეიტრალიტეტის” საკითხი

ე.წ. სამხედრო ნეიტრალიტეტი არის თითქმის ერთადერთი საკითხი, რომელზეც უკრაინულმა მხარემ ომის დაწყების დღიდან კომპრომისების შესაძლებლობა დაუშვა. ფართო გაგებით, ნეიტრალიტეტი სამხედრო მიუმხრობლობას ნიშნავს, ანუ უკრაინა უარს იტყვის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე.

თუმცა უკრაინელი მომლაპარაკებლები აცხადებენ, რომ ნეიტრალიტეტს მხოლოდ უსაფრთხოების რეალური და ხელშესახები გარანტიების სანაცვლოდ დათანხმდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთთან დააყენა წინადადება უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.

როგორც Unian წერს, რუსეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პოდოლიაკმა განმარტა პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს:

„თავდაპირველად გაიმართება [უკრაინაში] რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ყველა მოქალაქე და ისინი გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება უკრაინასა და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებში“, – განმარტავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი.

გამოცემა Nexta აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინა მიიღებს, უნდა იყოს ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი, მათ შორის, თუ ქვეყანა აგრესიის ობიექტი გახდება, კონსულტაციების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გარანტორებმა უკრაინა უნდა მოამარაგონ შეიარაღებით, გაუწიონ სამხედრო დახმარება და დაკეტონ ცა. თუ ამგვარი გარანტიები შეიქმნება, ამ შემთხვევაში უკრაინა გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს, დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს.

კიდევ ერთი უკრაინელი მომლაპარაკებლის, დავით არახამიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი გარანტორი ქვეყანა შესაძლოა თურქეთი იყოს, სადაც დღევანდელი მოლაპარაკებები გაიმართა. ქვეყნებს შორის, რომლებსაც არახამია გარანტორებად განიხილავს, ასევე არის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი და ისრაელი. არახამიას განმარტებით, შეთანხმებაზე საკუთარი პოზიციები მხარეებმა პარლამენტებში რატიფიკაციებით უნდა დაამოწმონ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხელმოწერა. მისი თქმით, უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანდუმიდან, რომლითაც კიევმა 1990-იან წლებში უსაფრთხოების გარანტიები მიიღო ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, გაკვეთილი გამოიტანა, რადგან ეს მემორანდუმი მარტივად დაირღვა.

დონეცკისა და ლუგანსკის საკითხი

დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიებია, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარეობს და  რომლის ნაწილსაც ამჟამად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მართავენ. რუსეთმა ისინი უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რასაც არ ეთანხმება არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

უკრაინელი მომლაპარაკებლების განცხადებით, ლუგანსკი და დონეცკი რუსეთთან საუბრის განცალკევებული პუნქტია და ის უნდა განიხილონ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარგლებში. უცნობია, როდის ან საერთოდ შედგება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. უკრაინელი მხარის პოზიციაა, რომ ასეთი შეხვედრისთვის პირობები უკვე მომწიფებულია, თუმცა მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს.

ყირიმის საკითხი

ყირიმიც უკრაინის ტერიტორიაა, თუმცა მისი ანექსია 2014 წელს რუსეთმა განახორციელა და მასზე კონტროლს ახორციელებს. რუსეთი ითხოვს, რომ კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყირიმი მის ნაწილად აღიაროს, თუმცა ეს ასე არ ხდება.

29 მარტს, თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ყირიმის საკითხზე უკრაინამ რუსეთს კონკრეტული წინადადებით მიმართა.

კერძოდ, უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.

რა თქვეს მხარეებმა შეხვედრის შემდეგ

სტამბულში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ დიალოგმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.

„უკრაინული მხარისგან განსახილველად გადმოგვეცა წინადადებები, გასაგებად ჩამოყალიბებული პოზიციები შეთანხმებაში გასათვალისწინებლად. ეს წინადადებები გადაეცემა პრეზიდენტს [პუტინს] და უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხი“, — განაცხადა მედინსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე, ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის, შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო აქტივობების კარდინალური ზომებით შემცირებაზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში „თავდასხმის მიზნების” შესრულება და ამ დროისთვის შეინიშნება კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების გაყვანა, თუმცა რუსეთის მხრიდან კვლავ არსებობს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მაღალი რისკი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწია და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული. უკრაინულმა ძალებმა 28 მარტს დაიბრუნეს ირპენი, კიევის ჩრდილო-დასავლეთით.

უკრაინელმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ კი “პირველ გამარჯვებად” შეაფასა ფაქტი, რომ მოლაპარაკებების ადგილმა ბელარუსიდან თურქეთში გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი