ახალი ამბებიფოტო

მიწისქვეშა თბილისი – საბჭოთა პერიოდის ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად

8 მარტი, 2022 • 39832
მიწისქვეშა თბილისი – საბჭოთა პერიოდის ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად

რუსეთის ომმა უკრაინაში გაააქტიურა დისკუსია მიწისქვეშა თავშესაფრების შესახებ, რადგან მასიური დაბომბვის დროს მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩე. ეს სტატია მიწისქვეშა დედაქალაქზეა, რომლის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ბევრს არ გვინახავს.

_____________________________________

National Geographic Magazine – საქართველოს თებერვლის ნომერში ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოპროექტიმიწისქვეშა თბილისიგამოქვეყნდა: „დიდი ხანია ვიცი, რომ თბილისის ქვეშ კიდევ ერთი თბილისია და მისი ხილვისა და გადაღების სურვილი მუდამ მქონდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პროექტისმიწისქვეშა თბილისიგანხორციელება და ჩვენი დედაქალაქის დაფარული ნაწილის შესახებ პატარა გამოძიების წარმოება“, – წერს თაბაგარი. 

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ცივი ომისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. თბილისში 450-მდე ბუნკერია, ერთერთში შემონახული სამართავი პულტი კი გვამცნობს საქართველოს იმ ქალაქების სახელებს, რომლებიც ასევე ემზადებოდნენ ომისთვის. რამდენიმე ადგილის შესახებ ფოტოგრაფისთვის უკვე ცნობილი იყო, რამდენიმეს კი მეგობრებთან ერთად მიაგნო: „როგორც წესი, ასეთ ადგილებს დამახასიათებელი ნიშნები და განლაგება აქვთ, შესაბამისად, დაკვირვებული თვალისთვის მათი იდენტიფიცირება რთული არ არის“,  ვკითხულობთ ფოტოჟურნალში. 

“ეს ორი მასიური ჰერმეტული კარი 424-ე ბუნკერის ერთ-ერთ ფლიგელში გადავიღე. ამ კარებს, სავარაუდოდ, ძლიერი აფეთქების ტალღა უნდა შეეჩერებინა და თავშესაფარში მყოფი ადამიანები დაეცვა” ,- ამბობს დავით თაბაგარი.

XX საუკუნის 80-იან წლებში ამ ადგილას წყლის რეზერვუარის მოწყობა იგეგმებოდა თბილისის ერთ-ერთი გარეუბნისთვის, თუმცა მოგვიანებით პროექტი შეჩერდა. კადრი გადაღებულია ხანგრძლივი ექსპოზიციით, 13-წამიანი დაყოვნებით, ხელოვნური განათების გარეშე.

ბუნკერებში გახიზნულებს აირწინაღები იმ შემთხვევაში დასჭირდებოდათ, თუ სავენტილაციო სისტემა გამოვიდოდა მწყობრიდან ან ბირთვული თუ ბიოლოგიური შეტევის დროს იქაურობის დატოვება მოუწევდათ.

ეს ბუნკერი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური საავადმყოფოს ქვეშაა; ის 150 კაცზეა გათვლილი და მძიმედ დაჭრილებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა 1990-იან წლებში ამ თავშესაფარმაც დაკარგა დანიშნულება.

თბილისის ცენტრში არსებულ ბუნკერში დღემდეა შემორჩენილი სამართავი პულტი, რომლის საშუალებითაც ბირთვული ომის შემთხვევაში საქართველოს სხვა ქალაქებთან უნდა დამყარებულიყო კავშირი. ღილაკებზე ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ქალაქის სახელის ამოკითხვა შეგვიძლია.

ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში 90-იანი წლების დანატოვარიც არის – არაყი „სტალინის“ დაცლილი ბოთლი.

ფოტოჟურნალმა National Geographic-ის სათავო ოფისის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, ის თვის საუკეთესო ნამუშევრად (Best Edit) დასახელდა, ინგლისურად ითარგმნა და მთავარ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სახელწოდებით: See the abandoned Soviet bunkers hidden, ამასთანავე, ფოტოჟურნალი კვირის გამოკითხვაშიც მოხვდა: This week: a Mars rover’s nickname, underground Soviet bunkers, and a stunning pterosaur fossil

აღსანიშნავია, რომ ეს არის National Geographic Magazine-ის ქართული გუნდის მეორე ნამუშევარი, რომელიც ჟურნალის ინგლისურენოვან ვერსიაში მოხვდა და ამ გზით National Geographic-ის მილიონობით მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი: „მიწისქვეშა თბილისიმართლაც განსაკუთრებული ფოტოპროექტია, რომელიც საბჭოთა ეპოქის იდუმალებით მოცულ გარემოს გვაცნობს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უკვე მესამე ავტორს გავუხსენით გზა საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ნამუშევარი National Geographic-ის მილიონობით მიმდევარმა იხილა“, – ამბობს ჟურნალის მთვარი რედაქტორი ნათია ხულუზაური.

მსოფლიოს ნომერ პირველი სამეცნიეროპოპულარული ჟურნალი National Geographic Magazine 1888 წლიდან გამოდის. ის იბეჭდება 31 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ჟურნალის ბეჭდურ ვერსიას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ჰყავს, ციფრულ პლატფორმებს – 400 მილიონზე მეტი.

National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა 2012 წლიდან სილქნეტის მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალი სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომია სილქნეტის აბონენტებისთვის და სტუდენტებისთვის.

გამოიწერე და გაიგე მეტი.


შენიშვნა: ავტორის, დავით თაბაგარის ნებართვის გარეშე ფოტოების გადმოწერა და გავრცელება აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი