ახალი ამბები

ზალკალიანი კულებას უკრაინის ელჩზე ესაუბრა — „ვიმედოვნებ, პრობლემა მალე მოგვარდება“

2 მარტი, 2022 • 1557
ზალკალიანი კულებას უკრაინის ელჩზე ესაუბრა — „ვიმედოვნებ, პრობლემა მალე მოგვარდება“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ უკვე ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ელჩის გაწვევის საკითხზე.

ზალკალიანი „იმედთან“ საუბარში ამბობს, რომ სატელეფონო კომუნიკაცია გუშინ, გვიან ღამით შედგა.

„ბუნებრივია, მე ჩემი გაკვირვება მასთან საუბარში კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად, გარკვეულწილად ემოციურად და მას ვთხოვე, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ის ჩვენს საზოგადოებაში და მთლიანად, საერთაშორისო საზოგადოების თვალში

მე მაქვს განცდა, რომ მას ამის სრული გაგება აქვს და ჩვენი კომუნიკაცია გარკვეულწილად იმედს მისახავს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მაქვს, რომ ელჩი მალე დაბრუნდება და გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – ამბობს ზალკალიანი.


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, 28 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან ფრენის უფლება მიეცათ ჩარტერული რეისით.

თუმცა პირველ მარტს, – მას შემდეგ, რაც რეისი არ შედგა, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ კონსულტაციის მიზნით იწვევს ელჩს საქართველოდან და ამის მიზეზად, „სანქციებზე ამორალური პოზიციასთან“ ერთად, უკრაინაში „მოხალისეების არგამოშვება“ დაასახელა.

ელჩის კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება – უკრაინის საელჩო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი