საზოგადოება

მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი – ზალკალიანი ცხინვალის რეგიონზე

31 მარტი, 2022 • 1142
მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი – ზალკალიანი ცხინვალის რეგიონზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

ამის შესახებ ზალკალიანმა განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდანდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დღევანდელ მძიმე სიტუაციაში ისმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც არის ღირებული როგორც ევროკავშირითვის, ისე საქართველოსთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, იმ პოლიტიკის, რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არგამოყენების ვალდებულებისკენ… ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთგულია ჩართულობის პოლიტიკისა და ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებისა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოაქვს.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები მას აქამდეც  არაერთხელ გაუკეთებია.

“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 მარტს მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი