უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია [კონსულტაციებისთვის].
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
საქართველოსთან ერთად ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.
ელჩის, ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.
ზოგჯერ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ელჩებს საკუთარ დედაქალაქებში „დამატებითი კონსულტაციებისთვის“ იწვევენ, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევა.
მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
სასტიკი ომი უკრაინაში — დღე VI რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]