საზოგადოება

ელჩის კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება – უკრაინის საელჩო

2 მარტი, 2022 • 9706
ელჩის კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება – უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო მოსახლეობას აფრთხილებს, „სიფრთხილით მოეკიდონ“ ელჩის კომენტარის ჩანაწერს ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით.

დღეს სხვადასხვა მედიაში და ფეისბუკზე ვრცელდება ამონარიდი უკრაინის ელჩის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიცემული კომენტარიდან.

„არავის არაფერი აუკრძალავს – ჩარტერული რეისის ფრენის დეტალები არ იყო შეთანხმებული“, – კომენტარი ძირითადად ამ აქცენტით ვრცელდება იმის საილუსტრაციოდ, თითქოს საქართველოს მთავრობას არ შეუზღუდავს უკრაინაში მოხალისეების გაშვება.

სწორედ ამ ჩანაწერზე ავრცელებს გაფრთხილებას უკრაინის საელჩო.

საელჩოს განცხადება

საელჩომ განაცხადა, რომ „დღეს უკრაინა საომარ ვითარებაშია და რუსულ აგრესიას ებრძვის“, რის ფონზეც საჭიროებს დახმარებას „სტრატეგიული პარტნრიორებისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან“.

ამის ფონზე, საელჩოს თანახმად, მედიაში ვრცელდება „ყალბი, ცხადად ცრუ მესიჯები, ან მესიჯები კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციით“, რომელიც „მანიპულაციური ხასიათისაა“:

„გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს და ნუ იმანიპულირებთ მისით ქართულ მედიასივრცეში“.

სრული კომენტარი

სრულ კომენტარში, – სატელეფონო კომენტარში „მთავარ არხთან“, – ელჩი, იგორ დოლგოვი ამბობს:

„რაც მოხდა, ჩემი აზრით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება განვიხილოთ… განსახილველი ბევრია, მაგრამ ასეთი საკითხები ტელეფონით არ განიხილება… მე მომეცა ინსტრუქცია, ჩავიდე [კიევში] კონსულტაციებისთვის“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი ელჩს ეკითხება, „როგორც ვიცით, საელჩოს შეთანხმება ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს მოხალისეები გაემგზავრებოდნენ [უკრაინაში] – ბოლოს, ბოლო მომენტში, რატომ გადაიფიქრეს მათ“, რაზეც იგორ დოლგოვი პასუხობს:

„არ ყოფილა ასეთი შეთანხმება. არსებობს ცხადი გაგება, რომ [საქართველოს] მთავრობა და ყველა დანარჩენი ორგანო არ შეუშლიან ხელს მათ, ვისაც წამოსვლა უნდა. მაგრამ რაც შეეხება თვითმფრინავს [რომლითაც მოხალისეები უნდა გამგზავრებულიყვნენ], არ ყოფილა შეთანხმება, ამიტომ ეს სრულიად სხვა ისტორიაა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რაც შეეხება ექიმებს, – ექიმებსაც აუკრძალეს [გამგზავრება]“, – ელჩი ამბობს:

„არავის არაფერი აუკრძალავს. ვინ გითხრათ? ეს არასწორი ინფორმაციაა. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვერ შევძელით, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა და საჭიროება, მიგვეღო ნებართვა თვითმფრინავის ჩარტერულ რეისზე“.

კონტექსტი

საქართველოს მოქალაქეები, – როგორც სამოქალაქო პირები, ექიმები, ისე ყოფილი სამხედროები, – უკრაინაში წასვლას აპირებდნენ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, 28 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან ფრენის უფლება მიეცათ ჩარტერული რეისით.

თუმცა პირველ მარტს, – მას შემდეგ, რაც რეისი არ შედგა, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ კონსულტაციის მიზნით იწვევს ელჩს საქართველოდან და ამის მიზეზად, „სანქციებზე ამორალური პოზიციასთან“ ერთად, უკრაინაში „მოხალისეების არგამოშვება“ დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი