ახალი ამბები

“ელჩი ვარ, მინისტრი ხომ არა” – ზალკალიანი ზურაბიშვილის არმიწვევაზე კომენტარს არ აკეთებს

26 დეკემბერი, 2023 • 1151
“ელჩი ვარ, მინისტრი ხომ არა” – ზალკალიანი ზურაბიშვილის არმიწვევაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს ელჩი აშშ-ში და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი არ პასუხობს კითხვას ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტის არმიწვევის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა ზალკალიანს თბილისში მიმდინარე ამბასოდორიალის დროს დაუსვეს.

“მინისტრი ხომ არ ვარ, მე ვარ ელჩი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას საორგანიზაციო საკითხებში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე არ მიიწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, წელს ელჩების კონფერენცია “იყო აწყობილი ლოგიკით”, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისულფების ორი შტო — მთავრობა და პარლამენტი მუშაობდნენ. ამიტომ, მისი, თქმით, სწორედ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ სიტყვით ამბასადორიალის გახსნაზე.

2023 წლის ელჩების კონფერენცია თბილისში დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბასადორიალს არც შარშან დაესწრო. შარშან ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.

26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი