საზოგადოება

ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის

4 აპრილი, 2022 • 1452
ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მჯერა, დათო ამას წარმატებით შეძლებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და თქვა, რომ ბევრი იყო მიღწევები როგორც ევროატლანტიკური კურსის, ისე ოკუპაციასთან გამკლავების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო მნიშვნელოვანი და გამოწვევებით აღსავსე, სხვადასხვა პოზიციებზე. დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან — ატაშე ვიყავი, როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი… მე მეაყება, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირის, ევროპის საბჭო — ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები“, — განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მისი ელჩობის პერიოდში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ნიშნულზე ავა. მან წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილს.

ილია დარჩიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე (ეკონომიკის ბაკალავრი) და 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე (ეკონომიკის მაგისტრი), გრენობლის ბიზნესის სკოლა (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი).

ის მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, შემდეგ -ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად და ფილიალის მმართველად. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში პოლონეთში, 2016-2017 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ხოლო 2017-2021 წლებში — საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015 წლებში მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდში, 2015-2016 წლებში კი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი