ახალი ამბები

ნათელაშვილი პარლამენტში შედის

10 თებერვალი, 2022 •
ნათელაშვილი პარლამენტში შედის

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის, თუმცა 15 თებერვალს საკანონმდებლო ორგანო მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრის კენჭს.

პარტიის ეროვნულმა პოლიტიკურმა კომიტეტმა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რასაც წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში მოსახლეობის გამოკითხვა. პარტიის ცნობით, გამოკითხვაში 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას.

„15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ამით ისინი ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლებს შეუზღუდავენ კანონიერ უფლებას, ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას გავაგრძელებთ“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტია“.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას პარლამენტში მივა.

„დიდი ალბათობით, იმ კვირას მიხილავთ პარლამენტში, თუ „ქართული ოცნების“ ოფისს ასტეროიდი არ დაეცა. ხალხის რისხვის ასტეროიდი უახლოვდებათ“, — განაცხადა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 7 თებერვალს მხარი დაუჭირა. საკითხი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი