ახალი ამბები

კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

7 თებერვალი, 2022 • 1819
კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კომიტეტმა დღეს, 7 თებერვალს, იმსჯელა.

კომიტეტის შესაბამისს დასკვნას მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს.

ახლა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით პარლამენტს მიმართავს, რის შემდეგაც მისთვი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. შალვა ნათელაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. თავის დროზე ნათელაშვილს, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, მიმართული ჰქონდა პარლამენტისთვის მანდატის შეწყვეტის განაცხადით, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას ასევე არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის შედეგადაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც  ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტში შევიდა, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხს თავადაც განიხილავდა. 10 იანვარს „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოკითხვა დაიწყო.

თუმცა 29 იანვარს ნათელაშვილმა დაწერა, რომ გამოკითხვა, „სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას, წაშლილია ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა ე. წ. საჩივრებით ფეისბუკის ადმინისტრაციაში“.

„ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ჰქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო. აბა, ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს, როცა სოცქსელიდან ფეისბუკგამოკითხვაც კი გააქრეს“, – დაწერა ნათელაშვილმა.

ამასთან, 2021 წლის 22 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც არ გამოიყენებს, სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონის ამოქმედებისას პარტიას  ეს მანდატი შეწყვეტილი ექნებოდა, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდებოდა. შესაბამისად, თუ უმრავლესობა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებდა, პარტია მთლიანად დაკარგავდა საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში დაფინანსება დროებით შეუჩერდებოდა.

თავად შალვა ნათელაშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი