საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმის მთავარ თეზისებს აქვეყნებს.
მანამდე, მისი თანაპარტიელებისგან ცნობილი გახდა, რომ საპატიმროში მყოფი სააკაშვილი აღნიშნულ გეგმაზე აქტიურად მუშაობდა.
რა წერია გეგმაში?
თავის გეგმაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა სიღატაკისგან, უიმედობისგან და უპერსპექტივობისგან შექმნილ გაუსაძლის გარემოში ცხოვრობს. პარალელურად კი – „მთავრობა, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ხალხს უმტკიცებს, რომ საქართველო არ არის ბედნიერად ცხოვრების ადგილი“.
„ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაუმტკიცებია, რომ მას ძალიან ბევრი რამის ძალა შესწევს და ის იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი.
ჩვენ ირგვლივ არსებული უზარმაზარი ეკონომიკებიდან, რუსეთიდან, შუა აზიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, კაპიტალი მუდმივად ეძებს მისთვის სტაბილურ და დემოკრატიულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს“, – წერია გეგმაში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული [გაციფრულებული] სახელმწიფო სერვისები; არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა.
ამის შესრულება, სააკაშვილის თქმით, რამდენიმე გზით შეიძლება, კერძოდ:
1. სასამართლო რეფორმა – ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია.
სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული სასამართლო, რომელსაც ე.წ. კლანი განაგებს, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს და შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნება პოლიტიკის მიღმა მყოფ არაპოლიტიკურ აქტორებს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ეფექტიანობა.
“სასამართლო რეფორმის შედეგად, საქართველოში კანონით მკაცრად უნდა დარეგულირდეს და რეგულაციების აღსასრულებელი რესურსებიც უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან, რომ კერძო და ადმინისტრაციული დავების სამივე ინსტანციის გავლა შეიზღუდოს ვადებში.
სარჩელისა თუ განცხადების შეტანის დღიდან, მაქსიმუმ 12 თვეში, სასამართლო სისტემა ვალდებული უნდა იყოს, არსებობის შემთხვევაში გაიაროს საქმის სამივე ინსტანცია და უკვე ჰქონდეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. რეფორმის ეს ნაწილი მოიტანს გასაგები თამაშის წესების დამკვიდრებას ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორთათვის. აღარ იარსებებს საქმეების მრავალწლიანი გაწელვის პრაქტიკა, რაც ხშირად არანაკლებ აზიანებს მოქალაქეებს და ინვესტორებს, ვიდრე თავად არასამართლიანი გადაწყვეტილება,“
ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ინგლისური სამართლის შეუზღუდავი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველანაირი კომერციული გარიგებისთვის და მხარეები თვითონ ირჩევდნენ, რომელი სამართლით იმოქმედებენ.
„სახელმწიფოსთან მსხვილი ქონებრივი თუ საგადასახადო დავის შემთხვევაში, ბიზნესი უნდა იყოს უფლებამოსილი, სურვილისამებრ წინასწარ გაცხადებულ, მსოფლიოში სანდოობით აღიარებულ არბიტრაჟების სიიდან თავად შეარჩიოს დავის ადგილი და დავის განხილვის სამართალი. ამ მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ავტორიტეტული, საუკეთესო საერთაშორისო არბიტრაჟების წარმომადგენლობის საქართველოში გახსნას.
უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია. ეკონომიკურ დანაშაულებზე საერთოდ უნდა გაუქმდეს წინასწარი პატიმრობის შესაძლებლობა. პატიმრობა, როგორც სასჯელი ეკონომიკური დანაშაულის აბსოლუტურ უმეტესობაზე, არ უნდა ვრცელდებოდეს და შეიძლება ის დარჩეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხებზე დანაშაულის არსებობის შემთხვევაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობა უნდა განისაზღვროს კანონით და ის მართლა განსაკუთრებით დიდი ოდენობა იყოს, სულ მცირე, მილიონი ლარი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
2. დეოლიგარქიზაციის კანონი
აღნიშნულ ეკონომიკურ გეგმაში ასევე საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე. მას სააკაშვილი ასე ხედავს:
„ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა.
ჩვენ საქართველოში გვჭირდება ბევრი შეძლებული მოქალაქე, მაგრამ ბევრი მოქალაქის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება, თუ ქვეყანაში მონოპოლია აქვს ერთ ან რამდენიმე სუბიექტს, რომლებიც მონოპოლიის შესანარჩუნებლად იყენებენ პოლიტიკურ ბერკეტებს, და პირიქით, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით ქმნის მონოპოლიებს. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება“.
3. ენერგეტიკული განვითარება
„საქართველო ჰესების ქვეყანაა“ – მოძველებული და არასწორი თეზაა. „საქართველო ჰესების გარეშე“ – არარაციონალური და გაუმართლებელი. საქართველოში ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს სრული, ღრმა და კვალიფიციური ანალიზის შედეგად. ჰესი უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო და ასევე მინიმიზირებული უნდა იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
ამ თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის დიდი და გიგანტური ჰესები, ვფიქრობ, რთული წარმოსადგენია, მით უფრო ქვეყანაში, რომელიც პარალელურად აცხადებს, რომ ტურისტული ქვეყანაა და აქვს უნიკალური და ენდემური ლანდშაფტები. მცირე და მიკროჰესები – ეს უნდა იყოს ჩვენი ჰიდროენერგეტიკის მთავარი ხერხემალი. ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკაში, უმნიშვნელოვანესი და, დროთა განმავლობაში, წამყვანი როლი უნდა დაეკისროს ქარის და მზის ენერგიის გამოყენებას“, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი ასევე საუბრობს ე.წ. ბიტკოინებზე და ამბობს, რომ ეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის გამოც ისედაც მდიდარი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან. პარალელურად კი, აცხადებს, რომ – „ასევე, ხდება აფხაზეთის მიმართულებით არაადეკვატური ელ.ენერგიის გადასროლა, რომელიც აფხაზური და ქართული კლანების ბიტკოინების წარმოებას ხმარდება. იკარგება დენიც და უკვალოდ იკარგება ბიტკოინებიც. არ მუშაობს სახელმწიფოს მხრიდან პროცესის ზედამხედველობის და საგადასახადო მონიტორინგის არანაირი მექანიზმი“.
4. ბიუროკრატია ხალხისთვის, არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება
მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სექტორი ეკონომიკის გაზრდის მთავარი მუხრუჭია, რადგან აქ ძირითადად პარტიული ან ნათესაური ნიშნით საქმდებიან ადამიანები. პარალელურად კი, აიპ-ებისა და სსიპ-ების სერვისების დიდი ნაწილი კერძო სექტორში „აუთსორსზეა“ გასაშვები გამჭვირვალე ტენდერების საფუძველზე.
ის დასძენს, რომ სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ მართვაზე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებების შემცირებას, ბიზნეს-პროცესების დაჩქარებას.
„საჯაროდან კერძო სექტორში ადამიანების პორტირება უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ, ამისთვის სრულიად შესაძლებელია მათ სამსახურის ძიების პროცესში 1 წლამდე ვადით შეუნარჩუნდეთ ხელფასის დიდი ნაწილი“, – დასძენს სააკაშვილი.
5. ერთი გადასახადის პრინციპი
გეგმაში ასევე საუბარია ერთი გადახდის პრინციპზე, რაც მიხეილ სააკაშვილის თქმით, გულისხმობს იმას, რომ – „საგადასახადო დავების 80-90 პროცენტი უბრალოდ აღარ იარსებებს, მორჩება ყველანაირი გაუგებრობები და ბიზნესის გაუთავებელი დავები სხვადასხვა საბჭოებში, სასამართლოებში და არბიტრაჟებში“.
„ამის გარდა, ერთი გადასახადის პრინციპი კომპანიებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს აღრიცხვიანობის პროცესს, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწევს დღევანდელ დღეს ორგანიზაციებს. თავის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 21-დან მხოლოდ 6 გადასახადი დატოვა, მაგრამ ამან მოიტანა შემოსავლების ზრდა, ბიზნესის კეთების გამარტივება, ახლა უფრო თამამი ნაბიჯები გვჭირდება. ახლა საგადასახადო წნეხის შემცირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, რაც ბიზნესს დაცულად აგრძნობინებს თავს“, – დასძენს ის.
6. ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი
„საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა სწრაფი რკინიგზა (ე.წ. ტეჟეკა): მარშრუტებზე: თელავი-თბილისი-ქუთაისი – ზუგდიდი და თელავი-თბილისი-ქუთაისი – ზუგდიდი.
„საქართველოში უნდა გაჩნდეს საერთაშორისო ჰაბ აეროპორტი, რომელიც წაართმევს სატრანზიტო რეისებს სტამბოლის ისედაც ძალიან გადატვირთულ აეროპორტს. ასეთად წარმომიდგენია არც თბილისის და არც ბათუმის აეროპორტი. ჰაბის ცენტრი უნდა გახდეს საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი – ქუთაისი და იქ აშენდეს მთავარი მძლავრი, მრავალტერმინალიანი აეროპორტი.
ქუთაისის აეროპორტზე უნდა გადიოდეს ხსენებული სწრაფი რკინიგზა, რომლითაც ერთ საათში ჩახვალ თბილისშიც, ბათუმშიც, და ზუგდიდი (ლაზიკა/ანაკლია). ამას სჭირდება მთავრობის აქტიური ჩარევა, სწრაფი რკინიგზის პროექტის განხორციელება, მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან“, – წერს ის.
7. ლაზიკა
ახალ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ საუბარია ზღვისპირა ქალაქ ლაზიკაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
„დასავლეთ საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი, რომელიც იქნება მისი ფინანსური დედაქალაქი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველები გადავამისამართოთ არა პოლონეთში ან თურქეთში, არამედ ქვეყნის შიგნით გავაჩინოთ ახალი დიდი ლოჯისტიკური, ტურისტული, ფინანსური, საწარმოო ცენტრი, სადაც ადამიანებს ექნებათ დიდი შემოსავალი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ის ამბობს, რომ მაქსიმუმ 10 წელიწადში შესაძლებელი გახდება 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ქალაქსა და მის გარშემო გაშლილ პროექტებში – „ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლაზიკა აუცილებლად იქნება საქართველოს დეოკუპაციის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა“.
8. სოფლის მეურნეობა
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებაში მთავარ როლს ახალი ტექნოლოგიები თამაშობს, ეს გულისხმობს როგორც ტექნიკის, ასევე ახალი კულტურებისა და ჯიშების შემოტანას.
„ამაში ინვესტიციის განხორციელება ნამდვილად გამართლებულია. ჩვენ არ უნდა შევსვათ სოფლის მეურნეობა დოტაციის ნარკოტიკზე. გლეხებს უნდა ვასწავლოთ, ერთი მხრივ, უფრო მარტივად და, მეორე მხრივ უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის თუ ნამატის მიღება.
საჭიროა აგრარული მენეჯმენტის უნარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლოესი ცოდნის შემოტანა ქვეყანაში. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა საგადასახადო რეჟიმების გადახედვაც, განსაკუთრებით სამეურნეო გაერთიანებების სტიმულირების კუთხით. გადამწყვეტია, რეგიონებში გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდეს უკვე გადამუშავებული სახით, რაც შემოსავალს მკვეთრად გაზრდის. საჭიროა ღვინის ახალ ბაზრებზე გაყვანის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური სახელმწიფო პროგრამა“, – ვკითხულობთ გეგმაში.
სააკაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია რეალური აგრარული დაზღვევის სისტემის გაჩენა. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში შუამავლების რაოდენობის შემცირება „სოფლის მეურნეობის სფეროში და გლეხებმა თავად შეძლონ გახსნან მომცრო ზომის ქარხნები, ან შეიძინონ დანადგარები, რათა თავადვე შექმნან საბოლოო პროდუქცია, რომელიც გავა ექსპორტზე“.
9. ქართული სილიკონის ველი
„უმნიშვნელოვანეს პროექტად მიმაჩნია ქართული ე.წ. სილიკონის ველის შექმნა საქართველოს რომელიმე ქალაქში. ეს გააკეთა თავის დროზე ბელორუსმა და დღეს ბელორუსი პროფესიონალები, პროგრამირების და ქსელური მომსახურების ლიდერები არიან მთელ მსოფლიოში.
ტოლს არ უდებენ ინდოელებს, ვინც ბოლო ათეული წელია ლიდერია ამ სეგმენტში. უნდა ავიღოთ ნებისმიერ ქართული ქალაქი, სასურველია დედაქალაქთან ახლოს, მაგალითად, რუსთავი, და გამოვაცხადოთ ის ნულოვანი გადასახადების ზონად. სიმბოლურ ფასად გავყიდოთ მიტოვებული და განადგურებული ფაბრიკა-ქარხნები საინვესტიციო ვალდებულებით“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის გეგმაში.
ის ამბობს, რომ ახალ ტექნოლოგიებში შემოსული ფული შემოიტანს ახალ ცოდნას, მრავალ ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს და ახალ პერსპექტივებს – „საჭიროა დავუბრუნდეთ ქართული დიზაინის, ბრენდის მსოფლიო პოპულარიზაციას, ვინაიდან ამ მიმართულებით აშკარად გვაქვს პოტენციალი, როგორც ინდუსტრიული, ასევე ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით“.