ახალი ამბები

„მოდერნა“ HIV-ის რნმ ვაქცინის გამოცდას იწყებს

31 იანვარი, 2022 • 1158
„მოდერნა“ HIV-ის რნმ ვაქცინის გამოცდას იწყებს

მოდერნა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინის კლინიკურ ტესტირებას იწყებს.

როგორც ABC News წერს, „აივის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივასთან“ (IAVI) თანამშრომლობით, “მოდერნა” იმავე ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლითაც COVID-19-ის ვაქცინა შექმნა.

ადრეული ეტაპის ტესტირების მონაწილეებს პრეპარატი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაუკეთეს:

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვავითაროთ აივის ვაქცინაზე მუშაობის ეს ახალი მიმართულება მოდერნას რნმ პლატფორმაზე. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ვაქცინის ძებნა ხანგრძლივი და გამოწვევებით აღსავსე იყო და ახალი ინსტრუმენტის ქონა შესაძლოა საკვანძო გამოდგეს ესოდენ საჭირო ეფექტური პრეპარატის შექმნაში სწრაფი პროგრესისთვის”, – განაცხადა ორგანიზაცია IAVI-ის პრეზიდენტმა.

გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივით, მათ შორის 1.3 მილიონი ამერიკელია. აშშ-ში 1990-იან წლების შუაში ყოველწლიურად იმუნოდეფიციტის ვირუსით 50 000 ადამიანი იღუპებოდა.

დღესდღეობით აივის მართვა შესაძლებელია შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში. მედიკამენტების წყალობით ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში შეუმჩნეველი ხდება და პაციენტები არც გადამდები არიან. ამასთან, ხელმისაწვდომია აივის საპრევენციო მედიკამენტებიც.

თუმცა, მიუხედავად აივის მართვის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, მეცნიერებმა ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ამ დრომდე ვერ შეძლეს. პრეპარატის რამდენიმე ვერსიამ კლინიკური ტესტირების ეტაპსაც მიაღწია, თუმცა მომდევნო ეტაპებზე საჭირო კრიტერიუმები ვეღარ დააკმაყოფილა.

ახალი ვაქცინა, რომლის გამოცდასაც „მოდერნა“ გეგმავს, რნმ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელიც ასწავლის ორგანიზმის უჯრედებს, როგორ შექმნას ცილები, რომელიც წაახალისებს იმუნურ პასუხს.

მეცნიერებმა შეიმუშავეს არა მხოლოდ ვაქცინა, არამედ მისი ბუსტერიც. პრეპარატი აივის იმუნოგენებზეა დამყარებული. საუბარია მოლეკულებზე, რომლებიც ავლენს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პროცესი მოახდენს სისხლის თეთრი უჯრედების სტიმულირებას, რომლებსაც აქვთ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებად გარდაქმნის უნარი ვირუსთან საბრძოლველად.

განცხადების მიხედვით, პირველი ეტაპის კლინიკური ტესტირების ფარგლებში პრეპარატი 56 ჯანმრთელ ადამიანს გაუკეთეს, რომელთა აივ სტატუსიც უარყოფითია. კვლევის ფარგლებში 48 მონაწილე რნმ ვაქცინის ერთ ან ორ დოზას მიიღებს, 32 მათგანი კი დამატებით ბუსტერსაც გაიკეთებს. გამოცემა წერს, რომ დანარჩენ 8 პირს მხოლოდ ბუსტერ დოზას გაუკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი