ახალი ამბები

კარგი იქნება, რომ ზოგიერთი ტიპის მიგრანტისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის ცნობა – ცერცვაძე

2 სექტემბერი, 2023 • 1730
კარგი იქნება, რომ ზოგიერთი ტიპის მიგრანტისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის ცნობა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იქნება აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ის ამბობს, შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, საფუძველს მოკლებული არ არის იმის გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობაა და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდაა.

ცერცვაძის თქმით, მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის აქტიური შეთავაზება სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა.

„ევროპის მხოლოდ 15 ქვეყანა აძლევს მიგრანტებს რეკომენდაციას (მხოლოდ რეკომენდაციას) აივ ინფექციაზე ტესტირებაზე და მათგან მხოლოდ 3 ქვეყანა სთავაზობს მიგრანტებს აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირებას. ამავე დროს რიგი ქვეყნები (ისინი უმცირესობაში არიან), მაგ.: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, სინგაპური, მალაიზია და სხვ. ითხოვენ თავშესაფრის მაძიებლებისათვის, მოქალაქეობის და ბინადრობის მთხოვნელთათვის, ხანგრძლივი დროით (3 თვეზე მეტი) დამრჩენთათვის აივ ნეგატიური სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მითუმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას“, – აცხადევს თენგიზ ცერცვაძე.

როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. თუმცა ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.

„კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შიდსის სამსახურის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმებით ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა.

და კიდევ ერთი. საერთო საქმისთვის კარგი იქნება, თუ კერძო კლინიკები და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ხელს შეუწყობენ აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მიგრანტებთან, კერძოდ: გაზრდიან აივ/შიდსზე სკრინინგს, შეიმუშავებენ და გაავრცელებენ (მათ შორის მიგრანტებში) ვიზუალურ, აუდიო და ბეჭდურ მასალას აივ/შიდსის პრევენციის საკითხებზე და იმუშავებენ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ცნობიერების ამაღლებაზე.

რაც შეეხეება სტატისტიკას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8500-ია.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლის პირველი 6 თვის (იანვარი-ივნისი) პერიოდში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლადგამოვლენილი შემთხვევეების 6%-ითაა გაზრდილი, რაც დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19-ის პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან.

„ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობისგან (394).

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მიგრანტებთან, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში და შედეგიც გვაქვს. ბოლო 20 თვის მანძილზე მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი