ახალი ამბები

FDA-მ აივის პრევენციის ახალი ხანგრძლივმოქმედი პრეპარატი დაამტკიცა

21 დეკემბერი, 2021 • 1629
FDA-მ აივის პრევენციის ახალი ხანგრძლივმოქმედი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აივ ინფექციის პირველი, ხანგრძლივმოქმედი საინექციო მედიკამენტი დაამტკიცა. როგორც NBC წერს, მედიკამენტს ორთვიანი მოქმედების ვადა აქვს, შეუძლია ჩაანაცვლოს ამჟამად არსებული ე.წ. პრეპ მედიკამენტი, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა.

გამოცემა წერს, რომ ახალ მედიკამენტს აივ ინფიცირების რისკის 99%-მდე შემცირება შეუძლია. ორგანიზაციამ პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტიანობის განსასაზღვრად ორი კლინიკური ტესტირება ჩაატარა. FDA-ს განცხადებით, აღნიშნული პრეპარატი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება აივ პანდემიის პრევენციისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველდღიური გამოყენების აბებს აივის პრევენციისთვის იმ 1.2 მილიონი ადამიანის მხოლოდ 25% იღებდა, რომლებიც აივის მომეტებული რისკის ქვეშ არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატის მოცვა რისკჯგუფებში უფრო ფართო იქნება.

NBC აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის მთავრობამ ყველა სადაზღვევო კომპანია დაავალდებულა, მომხმარებლებს დაუფაროს პრეპ მედიკამენტის ხარჯები ისევე, როგორც ლაბორატორიული ანალიზები და კლინიკებში ვიზიტი აღნიშნული მედიკამენტის რეცეპტის მიღების მიზნით. აღნიშნული მიდგომა, გამოცემის თქმით, ახალ პრეპარატზეც გავრცელდება, რომლის თითო დოზის საბაზრო ფასი ამჟამად 3,700$-ით განისაზღვრა და ხელმისაწვდომი 2022 წლის დასაწყისში იქნება.

მიუხედავად ამისა, საინექციო პრეპარატი შესაძლოა პაციენტებამდე ასე მალე ვერ მივიდეს, ვინაიდან ექსპერტების შეფასებით, მისი იმპლემენტაციისთვის დროა საჭირო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ COVID პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემები ისედაც გადატვირთულია და ასეთი მასშტაბის სიახლის დანერგვა დამატებით სამუშაო ძალას მოითხოვს, რადგან პრეპარატის ადმინისტრირება კლინიკაში უნდა მოხდეს და პერსონალის გადამზადება იქნება საჭირო.

NBC აღნიშნავს, რომ ამჟამად კვლევის ეტაპზე აივის პრევენციის კიდევ რამდენიმე მედიკამენტია,  მათ შორის, უფრო ხანგრძლივმოქმედიც, რომლის გაკეთებაც წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი