ახალი ამბები

მეცნიერების თქმით, შესაძლოა, აივ ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

17 ნოემბერი, 2021 • 1529
მეცნიერების თქმით, შესაძლოა, აივ ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

მეცნიერების თქმით, აღმოაჩინეს კიდევ ერთი პაციენტი, რომლის ორგანიზმიც შესაძლოა, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აივ ინფექციის დიაგნოზიდან 8 წლის შემდეგ 30 წლის არგენტინელი ქალის ორგანიზმში ვირუსის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მანამდე, მსგავსი შემთხვევა მედიცინის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა. CNN აღნიშნავს, რომ პაციენტს არ ჩასტარებია ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ან რაიმე სხვა პროცედურა.

კვლევის ავტორების თქმით, პაციენტის სისხლის ნიმუშები რამდენჯერმე შეისწავლეს 2017 და 2020 წლებში. 2020 წელს ქალს შვილი შეეძინა და მეცნიერებს პლაცენტის ნიმუშის შესწავლის შესაძლებლობაც მიეცათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აივის დიაგნოზი 30 წლის ქალს 2013 წლის მარტში დაუსვეს, ანტირეტროვირუსული მკურნალობა კი 2019 წლამდე არ დაუწყია, მკურნალობა პაციენტმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც დაორსულდა. ის პრეპარატებს 6 თვის განმავლობაში იღებდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი თერაპია შეწყვიტა.

CNN-ის თქმით, აივ ინფექცია არც ჩვილს დადასტურებია. ქალისთვის ჩატარებული კვლევებით კი დგინდება, რომ ნამდვილად იყო აივ ინფექციის მატარებელი, თუმცა მკვლევრებმა მის ორგანიზმში ვეღარ აღმოაჩინეს ვირუსის კვალი, რომელსაც გამრავლება შეუძლია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის უცნობია, თუ როგორ მოახერხა პაციენტის ორგანიზმმა აივ ინფექციისგან გათავისუფლება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს სხვადასხვა იმუნური რეაქციის კომბინაციით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი