განახლება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი 1 დეკემბრამდე დაუდასტურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სისტემაში მათი პასუხი არ ასახულა.
აღნიშნული განმარტება სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებოდნენ, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი. თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მწვანე პასპორტის ბაზაში“, — თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
მოგვიანებით, გამყრელიძის განცხადების საპასუხოდ განმარტება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.
- აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;
- COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
- იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;
ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.
რაც შეეხება თარიღს, სამინისტროსი განმარტავენ, რომ 1 დეკემბერი ის რიცხვია, როცა ქვეყნის მასშტაბით კოვიდ პასპორტების სისტემა ამოქმედდა და მონაცემების განახლება ლაივ რეჟიმში აპლიკაციაშივე გახდა შესაძლებელი.
სამინისტორს მიერ გავრცელებული შესაბამისად, სტატია განახლდა და შეიცვალა მისი სათაურიც.
კოვიდ გადატანილის სტატუსი გაუტესტავ პირებს არ მიენიჭებათ — სამინისტროს განმარტება