საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის დღევანდელ კომენტარს განმარტავს.
უწყების განცხადებით, სამინისტროს ბრძანებით, რომელიც 11 იანვრით თარიღდება, დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა პასუხი სისტემაში ტექნიკური ხარვეზის ან ლაბორატორიის შეცდომის გამო არ აისახა.
როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში განუმარტეს, ასეთ შემთხვევაში პირმა, რომელიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:
- აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;
- COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
- იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;
ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.
რაც შეეხება თარიღს, სამინისტროში განმარტავენ, რომ 1 დეკემბერი ის რიცხვია, როცა ქვეყნის მასშტაბით კოვიდ პასპორტების სისტემა ამოქმედდა და მონაცემების განახლება ლაივ რეჟიმში აპლიკაციაშივე გახდა შესაძლებელი.