ახალი ამბები

დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა — გამყრელიძე ხელისუფლებას ადანაშაულებს

1 თებერვალი, 2023 • 1233
დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა — გამყრელიძე ხელისუფლებას ადანაშაულებს

“მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემ მიმართ ასეთი შეყრაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ მაინც არ დაკარგავს!” — ვკითხულობთ წერილში, რომელიც, ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მისწერა.

ტელეარხის მიერ გავრცელებულ ორ წერილში ამირან გამყრელიძე არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ საუბრობს სისტემის შიგნით მის მიმართ მადისკრედიტირებელ კამპანიაზე.

გამყრელიძე ზემოხსენებულ თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან აღარ იკავებს. ამ დროს ჯანდაცვის მინისტრი უკვე ზურაბ აზარაშვილი იყო და გამყრელიძის წასვლის შესახებაც მან ამცნო საზოგადოებას.

რა წერია პირველ წერილში

“დიდი მადლობა წერილისა და გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოსალოდნელი იყო.

გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული შესაბამისი სამმართველოს თუ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მიერ თქვენთან და სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე (ამიტომაც ვაკოპირებ ბატონ მინისტრთან).

სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად შეურაცხმყოფელია თვითონ ეს ფაქტიც, რომ ღირსიც არ გამხადეთ, წერილი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ხელმოწერით ყოფილიყო (თუ არა თქვენი) და ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილეთ მთელ ცენტრზე”, — დასძენს გამყრელიძე “ფორმულას” მიერ გავრცელებული ორი ტექსტიდან ერთ-ერთში.

გამყრელიძე განაგრძობს:

“გასაგებია, რომ ამ კონტრაქტის ფინანსური ნაწილი ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის, როგორმე ჯერ კიდევ შევძლებ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მის კომპენსირებას, პრობლემა და არსი სხვა მთავარშია და გასაგები მიზეზების გამო აღარ შემოვალ დისკუსიაში, ძალა აღმართს ხნავს.

მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემ მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ მაინც არ დაკარგავს!”

მისივე სიტყვებით, ყოველთვის ცდილობს, აპატიოს ადამიანებს გადაცდომები, მათ შორის, მძიმეც, “მაგრამ არასდროს არ უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები”.

“ამიტომ მაინც დიდი მადლობა იმ ბევრი პოზიტივისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობაში ყოფილა, ასევე ალბათ სინდისის ქენჯნას გარკვეულად თქვენც გრძნობთ, რადგან გარემოებათა გამო იძულებული იყავით გაგეკეთებინათ/მხარი დაგეჭირათ იმ პროცესებისთვის, რაც ხორციელდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემ მიმართ”, — წერს ის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი დირექტორი ჯანდაცვის სექტორზე საუბრისას დასძენს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარება გაახარებს, “მაგრამ მშპ-თან მიმართებაში 2%-იანი დაფინანსებით უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება”.

“აქსიომაა, რომ ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს, სამწუხაროდ, ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები.

ანუ, რაც საყოველთაობის პრინციპმა გააჩინა 2013 წელს და ეს ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ქვეყანაში პოზიტიური დინამიკის სახით, სამწუხაროდ, შემობრუნდება უკან”, — დასძენს ის.

მისივე შეფასებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი “მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით”.

“ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე. მრცხვენია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რამოდენიმე თვეა უკვე ცენტრის ვებსა და ფეისბუკზე აღარ მოიძებნება მაშინ, როცა დეკემბრიდან მოყოლებული ქვეყანაში კოვიდის არცთუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზრდა გვაქვს და მას შესაბამისი ღონისძიებების გატარება სჭირდება.

ჩემი თუ არ გჯერათ, ჯანმოს საგანგებო კომიტეტის გუშინდელ რეკომენდაციებს მაინც დავუჯეროთ. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენზე მაინც მეტად გამოცდილი და მცოდნენი არიან და თავი შეიკავეს პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან. მსგავსი განცხადება გაავრცელა გუშინ თეთრმა სახლმაც”, — წერს გამყრელიძე.

წერილის თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა თეთრი სახლის განცხადება კოვიდთან დაკავშირებული საგანგებო გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მოხსნის დაუშვებლობაზე, რომელსაც  დაავადებათა კონტროლის ყოფილი ხელმძღვანელი მოიხსენიებს, როგორც “გუშინდელს”, 30 იანვრით თარიღდება.

პირველ თებერვალს — წერილის გავრცელების შემდეგ — გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” მისწერა, რომ “ფორმულას” ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილი არ უნახავს, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქმიანი წერილი ნამდვილად გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თხოვნით, არ გასაჯაროებულიყო.

“ვებსაიტებზე რა დევს, არ ვინტერესდები”, — დასძენს ის.

რა წერია მეორე წერილში

მეორე წერილში, რომელიც პირადად ცენტრის ახალ დირექტორს, თამარ გაბუნიას მიემართება, ამირან გამყრელიძე პირდაპირ საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარე პროცესებზე მის წინააღმდეგ, რომლებზეც, როგორც ამბობს, ინფორმაცია აქვს.

“კარგა ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ თურმე დიდი ვნებათაღელვაა ცენტრში ჩემს საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მოზიდვასა და განხორციელებაში, მოგეხსენებათ, გარკვეული/პატარა წვლილი მიმიძღვის გასული 10 წლის განმავლობაში”, — ამბობს ის.

გამყრელიძის სიტყვებით, თანამშრომლების დიდი ნაწილი “დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით” აუწყებს, რომ აკრძალული აქვთ მისი სახელის ხსენება; ამოღებული უნდა იქნას მისი გვარი პროექტებიდან, სადაც კონსულტანტად იყო, და არ შეიძლება მისი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებაზე (როგორც წერს, ამის საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი); სრულად უნდა შეწყდეს მისი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით.

“მგონი, მალე შემთხვევითი შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა”, — დასძენს გამყრელიძე.

“მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროდან, ცენტრიდან და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია იმ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც აქტიურად განიხილება და რომლითაც ცდილობენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას (რომ თურმე ცენტრში არაფერი არ კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, რომ დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე, არ უქმნიდა მათ სათანადო სამუშაო პირობებს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს და გრანტებში ჩასასმელად თვითონ არჩევდა ადამიანებს და ა.შ., არ ვიცი, კიდევ რას დამაბრალებთ, რას გაწვდება კიდევ ზოგიერთების უკიდეგანო ფანტაზია) და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თქვენი ქცევა გარკვეულად უნისონსშია წინა აბზაცში ნათქვამთან, მე მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა, რადგან ჩემი ცხოვრებითა და განვლილი გზით ჯანდაცვის სფეროში, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობებით, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია”, — ეუბნება იგი წერილის ადრესატს.

გამყრელიძე ითხოვს, ოფიციალურად მისწერონ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება, რათა დროულად მოვაგვაროს მასთან დაკავშირებული სხვა ყოფითი საკითხები.

“ასევე გთხოვთ, ოფიციალურად განმიმარტოთ, რატომ ხდება ასე, ანუ:

1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი, მიუთითეთ ფაქტები.

2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.

3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემ მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეუარცხმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია, როცა თქვენნაირ თანამდებობებზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში – ღირსებას, და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით.

“ფორმულას” ცნობით, ამირან გამყრელიძე წერილს თან ურთავს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებულ წერილს, რომლის თანახმადაც, მას კონტრაქტს აღარ უგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი