ახალი ამბები

რას იზამდნენ ამერიკელები, კანადისა და მექსიკის საზღვარზე რაკეტები რომ იყოს? — პუტინი

23 დეკემბერი, 2021 • 1723
რას იზამდნენ ამერიკელები, კანადისა და მექსიკის საზღვარზე რაკეტები რომ იყოს? — პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის „მიუღებელია ნატოს მოქმედებები ევროპის აღმოსავლეთში და კრემლის მოქმედებები დამოკიდებული იქნება მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და არა მოლაპარაკებებზე“.

„ჩვენი ქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მსვლელობაზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატოს მოქმედებები აღმოსავლეთით (ევროპის) მიუღებელია.

ამერიკის შეერთებული შტატები საბრძოლო რაკეტები დგას ჩვენი სახლის ზღურბლზე. და როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები, თუ კანადისა და მექსიკის საზღვარზე რაკეტები იქნებოდა განლაგებული? და ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი?!“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დღეს მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც იგი მედიის კითხვებსაც პასუხობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე ორი შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე -ნატოს.

რუსეთი აშშ-ს და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას “უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ასევე ეხება საქართველოსაც.

რუსული შეთავაზებების თანახმად, ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციისაკენ, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ალიანსში არ გაწევრიანდებიან საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები.

ასევე, ვაშინგტონმა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ამჟამად ნატოს წევრები არ არიან, არ უნდა დააფუძნოს სამხედრო ბაზები, არ გამოიყენოს მათი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის და უარი თქვას ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე მათთან.

რუსეთი ალიანსისაგან მოითხოვს, თავი შეიკავოს შემდეგი გაფართოებისაგან, მათ შორის არ მიიღოს თავის რიგებში “უკრაინა და სხვა ქვეყნები”. ამასთან, რუსეთის პოზიციაა, რომ ნატომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო აქტივობისაგან უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე, სხვა ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

რუსეთის მიერ დასავლეთისთვის გაგზავნილი შეთავაზება/მოთხოვნების შესახებ, იხილეთ ინტერვიუ, რომელიც ნეტგაზეთმა შტეფან მაისტერთან ჩაწერა:

მასალების გადაბეჭდვის წესი