ახალი ამბები

პირველი მაისი: რუსული კანონის განხილვის პარალელურად კვლავ აქცია იმართება

1 მაისი, 2024 •
პირველი მაისი: რუსული კანონის განხილვის პარალელურად კვლავ აქცია იმართება

დღეს, პირველ მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა განახლდება. დღესვეა დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა. პარლამენტში კვლავ აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, 12:00 საათიდან მოქალაქეთა კოლონა ბათუმიდან გამოემართება დედაქალაქისკენ. ორგანიზებული მსვლელობებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეები სხვა ქალაქებიდანაც, რათა შეურთდნენ 17:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.

მოქალაქეთა თვითორგანიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 აპრილს სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“. ჯგუფში მოქალაქეები სთავაზობენ რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლის მსურველებს საცხოვრებელს, კვებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და სხვა საჭირებებში დახმარებას.

რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დედაქალაქში ჩამოსვლის ორგანიზება დააჩქარა გუშინ, 30 აპრილს გამართული საპროტეტსო აქციის სასტიკმა დარბევამ.

მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, სპეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 აპრილ-პირველ მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯამში, 63 ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი