აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაიდენსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, აშშ-ისა და რუსეთის მისწრაფება, დიალოგის რეჟიმში იმუშაონ სტრატეგიული სტაბილურობის მისაღწევად, იარაღის კონტროლთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა და New START-ის შეთანხმების გაფართოება.
მათივე ცნობით, ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთ ქმედებებზე საპასუხოდ, როგორიცაა კიბერთავდასხმები და არჩევნებში ჩარევა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუშვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
“პრეზიდენტმა გაახმიანა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ მობილიზებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.