სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც მიდის გამოძიება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.
სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
მანამდე ლომჯარია ამბობდა, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.
მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [2 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.
აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე