ახალი ამბებისამართალი

მთავარეპისკოპოსის ლაივის გამო, სადაც ბავშვები ჩანდნენ, ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმეს

9 აგვისტო, 2021 • 2678
მთავარეპისკოპოსის ლაივის გამო, სადაც ბავშვები ჩანდნენ, ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა ნინოწმინის პანსიონი ბავშვების აუდიო-ვიდეოჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროების გამო.

უწყება ამბობს, რომ ამ ფორმით მონაცემთა გასაჯაროება არღვევს ბავშვთა უფლებებს და მათ მოწყვლადს ხდის.

საქმე ეხება პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მთავარეპისკოპოს სპირიდონის ე.წ. ფეისბუკ ლაივს. გავრცელებულ კადრებში ისმოდა, რომ მთავარეპისკოპოსი სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე მათგანი გადაღების მიმდინარეობისას ტირის კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წერს, რომ ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას. კადრებში მართლაც არა მხოლოდ ისმოდა ბავშვების პირადი მონაცემები, როგორიცაა მათი სახელი და გვარი, არამედ ჩანდნენ თავად ბავშვებიც. ასევე, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ურეკავდა მათ ახლო ნათესავებს და ხმამაღლა აცხადებდა მათ ტელეფონის ნომრებსაც.

„აუდიო-ვიდეოჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს. ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია“,- წერს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.

უწყება ასევე განმარტავს, რომ 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო, შესაბამისად, ბავშვთა მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილე იყო საჭირო.

„ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

შესაბამისად, პანსიონატის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები“,- აცხადებს აპარატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი – დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია.

„აღსანიშნავია ასევე, რომ შემოწმების პროცესში პანსიონატმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა“ ,- ამბობს უწყება.

განახლება 12:57

სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ პანსიონი 1000 ლარით დაჯარიმდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.


ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც ჯერ კიდევ აპრილში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები აპარატის წარმომადგენლებს ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებდა.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი პირველად 2018 წლის შემდეგ სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ თანამშრომლობისთვის ეკლესიის მხრიდან მზაობა არსებობს. 

ჯერ არ დასრულებულა 4 გამოძიება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ დაიწყო – მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი გაუპატიურების. პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ  ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლვევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.

სახელმწიფო ზრუნვის აპარატმა პანსიონიდან ათობით ბავშვი უკვე გამოიყვანა,მათი ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი კი ზრუნვის სხვა ფორმაში გადაიყვანეს.

9 აგვისტოს მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში 15 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე ასევე რჩებიან სოციალური მუშაკებიც.

„ყველა არასრულწლოვანთან მიმდინარეობს მუშაობა, ზრუნვის ფორმის ცვლილება დაკავშირებულია მრავალი ასპექტის შეფასებასა და კვლევაზე, ასევე, მათ სურვილსა და ხედვებზე საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი