ახალი ამბები

ეპისკოპოს სპირიდონის მითითებით არ შეგვიშვეს პანსიონში, სადაც 57 ბავშვი ცხოვრობს – სახალხო დამცველი

16 აპრილი, 2021 •
ეპისკოპოს სპირიდონის მითითებით არ შეგვიშვეს პანსიონში, სადაც 57 ბავშვი ცხოვრობს – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი რწმუნებულები არ შეუშვეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში.

უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის მითითება დაასახელა.

„ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა“ ,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებული არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

„სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას“, – ამბობს უწყება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • შემჭიდროებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე;
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად;
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი