ახალი ამბები

რატომ ვერ მოაგვარებს ეპისკოპოს იაკობის გეგმა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემას

16 ივნისი, 2021 • 1544
რატომ ვერ მოაგვარებს ეპისკოპოს იაკობის გეგმა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემას

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნინოწმინდის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი – ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია აქ გეგმავს რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას.

საუბარია დაახლოებით 3 სახლზე, რომელთა მშენებლობა 2022 წლის პირველი აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

ბავშვთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დიდი დაწესებულების პატარა ზომის სახლებად შეცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს და პირიქით, დაუსრულებელი გამოძიებების პარალელურად, ბავშვებისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ამ ინიციატივაზე ამ დრომდე დუმს.

ეპისკოპოსი იაკობი გეგმები — რა ვიცით ამ დრომდე?

ამ დრომდე უცნობია ზუსტი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ეკლესია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აპირებს. როგორც მისი ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, უახლოეს ერთი წლის განმავლობაში აქ სხვადასხვა ცვლილება იგეგმება, რომელიც 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. მათ შორის, უნდა აშენდეს რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის სახლი.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, ცვლილებები ასევე მოიცავს სხვადასხვა წრის ჩამოყალიბებას, მათ შორის, კომპიუტერული კლასის.  რაც შეეხება აღმზრდელების საკითხს, დღეს, 16 ივნისს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ პანსიონში აღმზრდელთა რაოდენობა თითქმის განახევრდა და იქ ახლა მხოლოდ 19 აღმზრდელი მუშაობს, რადგან მეტის საჭიროება აღარაა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, თუ ვინმეს დარღვევა ექნება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს სამსახურიდან.

ეპისკოპოსი იაკობი 17 მაისს გამართულ მსვლელობაზე. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ეპისკოპოსი იაკობი 17 მაისს გამართულ მსვლელობაზე. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

პანსიონის მცირე ტიპის სახლებად გადაკეთების შესახებ დამატებით კითხვებს ნეტგაზეთთან საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ უპასუხა. ის გვიყვება, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან წლების განმავლობაში ჰქონდათ კომუნიკაცია და იცოდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებებით საქართველოში 2022 წლის პირველი აპრილისთვის დიდი პანსიონები უნდა შეცვლილიყო მცირე ტიპის სახლებად.

ქარჩავას ინფორმაციით, სამინისტროს, საპატრიარქოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს (UNICEF; Worldvision) შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე განიხილებოდა პანსიონის მცირე ტიპის სახლად გადაკეთებაც.

„პრიორიტეტი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და სწორედ ეს არის ყველაზე საუკეთესო, რაც უნდა განხორციელდეს: პირველ რიგში, ოჯახში დაბრუნება და ადაპტირება ბავშვის, ასევე, ოჯახის გაძლიერება და სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს, არც მინდობით აღზრდისა და არც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების პირობა, შემდგომ მცირე საოჯახო ტიპის პანსიონის შექმნა“, — ამბობს ქარჩავა.

ედიშერ ქარჩავა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ედიშერ ქარჩავა განმარტავს, რომ რაკი მცირე ტიპის სახლში დაახლოებით 10-12 ბავშვი უნდა ცხოვრობდეს, ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 2-3 ასეთი სახლი დაიდგმება, თუმცა ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზეც.

„გარდამავალ პერიოდში რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, ყველა ერთობლივად ვთანხმდებით: 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, ნინოწმინდის პანსიონში, იქ, სადაც ახლა არიან, იქ დარჩებიან, რათა მათი ინტერესები მყისიერი გადაყვანისას არ დაზიანდეს“, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

კითხვაზე, გადაიყვანენ თუ არა კიდევ ბავშვებს პანსიონიდან, ის გვპასუხობს, რომ მიმდინარეობს შესწავლა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, საპატრიარქოსთან თანამშრომლობით.

ქარჩავამ ნეტგაზეთთან აღმზრდელებისა და პედაგოგების გადამზადების საკითხიც ახსენა, თუმცა დასძინა, რომ ეს „ყველაფერი მუშა პროცესია“ და მათი გადამზადება არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით იგეგმება.

ნინოწმინდის პანსიონის მცირე საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთების შესახებ ვრცლად ჯერჯერობით არ საუბრობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

დღეს ნინოწმინდაში ჩავიდა სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძეც, რომელმაც თქვა, რომ მცირე ტიპის სახლთან დაკავშირებით უნდა გაიწეროს შესაბამისი სტანდარტები:

„შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. როდესაც გვექნება დეტალები, ამასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას“.

მერი მაღლაფერიძე. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა გათავისუფლებულ აღმზრდელებზე და თქვა, რომ დაწესებულებაში 4 ბავშვზე მინიმუმ 1 აღმზრდელი უნდა მოდიოდეს.

„აქ ცოტა მეტი რჩება და შემდეგი ნაბიჯები, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციას შეეხება, შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც, თუმცა ეს შემდგომი ნაბიჯებია და ამაზე თანმიმდევრულად მოგაწვდით ინფორმაციას.

რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სადაც რისკი დავინახეთ აღმზრდელებთან დაკავშირებით, ისინი დაწესებულებაში აღარ იმყოფებიან“, — თქვა მან.

სხვა კითხვებს მაღლაფერიძემ არ უპასუხა და თქვა, რომ მოლაპარაკებების ნაწილი კონფიდენციალურია, მათი გასაჯაროება კი ბავშვების ინტერესებს დააზიანებს.

პარალელურად კი, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გრძელდება ბავშვების პანსიონიდან გადაყვანის პროცესი:

„ჩვენ გავაგრძელებთ საპატრიარქოსთან მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც გულისხმობს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს, რასთან დაკავშირებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა და გეგმურ რეჟიმში მოხდება ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა“, — ამბობს ის და ამატებს, რომ სახალხო დამცველის მანდატი უნდა აღსრულდეს.

ბოლო მონაცემებით, პანსიონში 22-ზე მეტი ბავშვი რჩება, 31 ბავშვი კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უკვე გაიყვანა.

“კონსულტაციებში არ ვართ ჩართულები”— UNICEF

ნეტგაზეთთან საუბარში UNICEF [გაეროს ბავშვთა ფონდი] აცხადებს, რომ თავად ორგანიზაცია არ არის ჩართული კონსულტაციებში, რომელიც ნინოწმინდის ტერიტორიაზე მცირე ტიპის საოჯახო სახლების მშენებლობას ეხება.

მათი რეკომენდაცია კი პროცესის დასაწყისიდანვე უცვლელი რჩება. ამ რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ასევე სხვა მსგავსი დაწესებულებიდან, სადაც დღეს ბავშვები არიან.

„ჩვენ კონსულტაციებში არ ვართ ჩართულები რაიმე ტიპის მცირე საოჯახო ტიპის მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვები უნდა დაბრუნდნენ ოჯახებში. ჩვენ გვაქვს კონსულტაცია, როგორც სამინისტროსთან, ასევე ზრუნვის სააგენტოსთან, რათა ეს ბავშვები უპირველეს ყოვლისა შეფასდნენ, თუ რა საჭიროებები აქვთ: მათ ოჯახებში რა ხდება, როგორია მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მხოლოდ შემდგომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება, იმ კონკრეტული ბავშვისთვის რა არის კარგი.

თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური, უნიკალური. შესაბამისად, ამ ოჯახებში არსებული მდგომარეობა უნდა შევისწავლოთ. უკვე შემდგომ, ბავშვების შეფასების შედეგად გაირკვევა, შესაძლებელია ოჯახში დაბრუნება, თუ მზრუნველობის სხვა, ალტერნატიული ფორმა უნდა ვეძებოთ და ამის შედეგად უნდა გაირკვეს, რა არის იმ კონკრეტული ბავშვისთვის კარგი. ეს ასეა არა მხოლოდ ნინოწმინდასთან მიმართებით, არამედ, ყველა სხვა ბავშვთან მიმართებით. ჩვენ მზად ვართ, ამ შეფასებაში სახელმწიფოს დავეხმაროთ.

ჩვენ არ ვართ კონსულტაციებში ჩართული მცირე საოჯახო ტიპის გახსნასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი კომპეტენციაც და მანდატიც არ არის. ამიტომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარებს სხვების განცხადებაზე“ ,— ამბობს მაია ქურციკიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია არ ფლობს დამატებით ინფორმაციას ნინოწმინდის პანსიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ასევე UNICEF არ არის ჩართული აღმზრდელების, გადამზადების გეგმაშიც.

რატომ არ შეიძლება ნინოწმინდის პანსიონის მცირე ტიპის სახლად გადაკეთება?

ეპისკოპოსის ამ გადაწყვეტილებას უფლებადამცველთა და ადვოკატთა ნაწილი კრიტიკით შეხვდა. ისინი ერთ აზრს იზიარებენ: მანამ, სანამ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ გამოძიება არ დასრულდება, აქ რაიმე ტიპის ზრუნვის დაწესებულების ჩამოყალიბება რისკის შემცველია.

ერთ-ერთი მათგანი ყოფილი სახალხო დამცველი და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილია. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციაზე ისეთი პირი არ დანიშნულიყო, როგორიცაა ეპისკოპოსი იაკობი, „რომელსაც უკავშირდება როგორც სიძულვილის ენის გამოყენება, ასევე, არაერთი საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი, რომელიც მას მანამდე ახასიათებდა“.

„რაც შეეხება უშუალოდ ამ მდგომარეობას: აუცილებელია, რომ კრიზისის მართვის დროს ბავშვებისთვის იყოს დაცული და უსაფრთხო გარემო გარანტირებული. ამისთვის აუცილებელია, რომ ბავშვების ნაწილი გადაეყვანათ სხვა მცირე ზომის სახლებში ან ოჯახებში, მათი სურვილების მიხედვით.

ზოგადად ის, რომ პრობლემა ასე უცბად, 2 დღეში ვერ მოგვარდება, გასაგებია, მაგრამ მთავრობას უნდა ჰქონოდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გაგრძელდეს და ასევე გაძლიერდეს ოჯახები იმისთვის, რომ ბავშვების განაწილება სწორედ ოჯახებში მოხდეს.

მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ სახლში მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, უტოლდება არასათანადო მოპყრობას, წამებას. ამიტომ აუცილებლად, სანამ ამ დანაშაულების გამოძიება და დოკუმენტირება არ მოხდება, მანამდე იქნება რთული და გაუმართლებელი, რისკების შემცველი, სხვა ტიპის ბავშვთა სახლის გახსნა ამ ტერიტორიაზე“, – აცხადებს ნანუაშვილი.

ნანუაშვილი ასევე დასძენს, რომ მანამ, სანამ არ მოხდება დაწესებულების სრული შესწავლა, მათ შორის, სახალხო დამცველისა და დამოუკიდებელი პროფესიონალების მიერ, მანამდე ახალი ტიპის დაწესებულების გახსნაზე საუბარი ნაადრევია.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა რისკი დაზღვეული იყოს, ყველა საქმე გამოიძიონ და ყველა ის განცხადება, რომელიც იყო ბოლო პერიოდში გაჟღერებული ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით – იყოს შესწავლილი. თუ ეს არ მოხდება, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩანაცვლების შესახებ – ეს იქნება გაუმართლებელი. ზოგადად, ასეთი ტიპის ინსტიტუციები არის რისკის ზონა ძალადობისთვის, იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა თუ სხვა. ამიტომ უნდა იყოს გამორიცხული მანამ, სანამ მოხდება რაიმე გადაწყვეტილება“, — ამატებს ის.

ამ გადაწყვეტილების რისკებზე ნეტგაზეთთან უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილიც საუბრობს. ის ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონს აღარ უნდა შევხედოთ როგორც ბავშვებზე ზრუნვის რესურსს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

ხატიაშვილის თქმით, ამ მიზეზებს შორისაა თავად პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების მონათხრობი ძალადობის შესახებ, სახალხო დამცველის ანგარიშები და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაინახა პანსიონში არსებული რისკები და ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

სწორედ ამიტომ, ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონმა რა ფორმითაც არ უნდა გააგრძელოს მუშაობა, ძალიან მაღალი იქნება ბავშვებზე ძალადობისა და ასევე, აღზრდის პროცესში ძალადობრივი მეთოდების გამოყენების რისკები. შესაბამისად, იურისტის მოსაზრებით, იქ ბავშვები არანაირი ფორმით არ უნდა დარჩნენ.

ხატიაშვილიც აცხადებს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოვლინდება ან არ გამოვლინდება სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები. „მინიმუმ ნაჩქარევად მიმაჩნია გამოძიების დასრულებამდე ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება,“.

„როგორც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აპირებენ იმ აღმზრდელების გადამზადებას, რომლებიც შემდგომში, დავუშვათ, იმუშავებენ მოდიფიცირებულ დაწესებულებაში – ესეც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და რატომ: შეიძლება ყველა აღმზრდელი არ გამოირჩეოდეს ძალადობრივი აღზრდის მეთოდით, თუმცა, როდესაც ხარ აღმზრდელი ამ დაწესებულებაში და გაქვს ეჭვი ან ინფორმაცია, რომ ბავშვზე სხვა აღმზრდელი ახორციელებს ძალადობას და შენ ბავშვს არ ეხმარები, არ საუბრობ, თითქოს გულგრილობასაც კი იჩენ ამასთან დაკავშირებით – ასეთი აღმზრდელების სანდოობას ვერანაირი გადამზადება ვერ უშველის. თუ აღმზრდელი გულგრილია, რომ არ ისაუბროს ამაზე, არ დაეხმაროს ბავშვებს, არ შეცვალოს მდგომარეობა – ვფიქრობ, ბავშვებთან კომუნიკაცია, სანდოობის თვალსაზრისით, დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – დასძენს ის.

ხატიაშვილისვე თქმით, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვის განთავსება არის ალტერნატიული ზრუნვის ყველაზე უკიდურესი ფორმაა იმიტომ, რომ “პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ბიოლოგიური ოჯახი და სახელმწიფოს მართებს მეტი ძალისხმევა, უნდა ჰქონდეს სტრატეგია ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისკენ მიმართული.“

ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს დაწესებულება — სახალხო დამცველი

მიმდინარე მოვლენების ფონზე სახალხო დამცველის აპარატში კვლავ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, დაწესებულებიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი არ გაჩერდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, არაერთი ყოფილი აღსაზრდელის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ქმედებებსა თუ სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ საუბარმა დაგვარწმუნა, რომ ამ დაწესებულებაში ყოფნა არ წარმოადგენს ამ ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ შესთავაზონ სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში რეინტეგრაცია ანდა ზრუნვის სხვა ისეთი ფორმები, რაც უფრო მეტად მორგებული იქნება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო პერიოდში მათ საკმაოდ სტრესულ გარემოში მოუწიათ ცხოვრება“, – აცხადებს ნეტგაზეთთან სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე.

რაც შეეხება დაწესებულების გადაკეთებას, ეკატერინე სხილაძე დასძენს, რომ ყველა ასეთი ნაბიჯი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის პოზიცია უცვლელია:

“იქ მყოფი ბავშვების საუკეთესო ინტერესი დღეს არის მათი დროული გადაყვანა ოჯახებში ან ზრუნვის სხვა ფორმებში, სადაც იქნება მათზე მორგებული”.

ხვალ, 17 ივნისს, სახალხო დამცველსა და ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს შორის პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს. 


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი