სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, 6 ივნისს შეხვდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებმაც დაწესებულება საკუთარი სურვილით დატოვეს და ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდნენ. ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვებმა პანსიონში მომხდარი ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გაიხსენეს.
“ყველა მათგანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იმყოფება, შეუფერხებლად მიეწოდებათ მხარდამჭერი სერვისები. ბავშვების ინფორმაციით, ისინი თავს გრძნობენ კარგად და ახალ გარემოსთან და სხვა ბავშვებთან შეგუება არ გაჭირვებიათ.
არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.
ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით”, — დასძენს ლომჯარია.
მისი თქმით, ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნინოწმინდის პანსიონი ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს და სახელმწიფომ მათ შეუქმნას “ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში”.
“ჩვენ ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობის და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება”, — აღნიშნავს სახალხო დამცველი.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან, ამ ეტაპზე, 20 არასრულწლოვანია გამოყვანილი, საიდანაც 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
სასამართლოს გადაწყვეტილება
ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. მოსამართლის პოზიციით უკმაყოფილოა მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
სასულიერო პირი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეშვებას. მისი თქმით, ახლაც ამავე პოზიციაზეა.
მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“
მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.
ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.
„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.
სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?
ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:
„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.
ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.
რა ხდება ნინოწმინდაში?
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.
მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.
აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.