ახალი ამბები

არჩევნებზე დარღვევებს ზოგ მუნიციპალიტეტში შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა— ISFED

21 დეკემბერი, 2021 • 1679
არჩევნებზე დარღვევებს ზოგ მუნიციპალიტეტში შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა— ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა.

ანარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტ-ნაკლებად კონკურენტული, ხოლო კენჭისყრის დღე – ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული, თუმცა მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.

ISFED-ის თანახმად, საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ.

„ორივე ტურზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა აღრიცხვის, ორგანიზებულად მიყვანის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და კენჭისყრისას დაფიქსირებული სხვა დარღვევები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე. არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“, — ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მეტ-ნაკლებად კონკურენტული, თუმცა, არათანაბარი, ვინაიდან მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის რესურსებზე წვდომის გამო. აუდიტის სამსახურში მეორე ტურამდე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიიდან მმართველი პარტიის შემოსავალი ორჯერ აღემატებოდა მომდევნო ოთხი პარტიის შემოსავლების ჯამს.

„მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ტრადიციულად, ბუნდოვანი იყო. კვლავ შეიმჩნეოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები; საარჩევნოდ მოტივირებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და განხორციელება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში; საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიერ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობა, მათ შორის სოციალური ქსელით“, — ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად კენჭისყრის პროცესის ტექნიკურად კარგად ორგანიზებისა, ISFED-ის შეფასებით, ორივე ტურზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა ხანგრძლივი, საეჭვო შეკრებები, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მობილიზებისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც მიიჩნევა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმად.

საგანგაშო და მასშტაბური სახე მიიღო, ISFED-ის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედმა პარტიულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედი დამკვირვებლები ხშირად აზიანებდნენ საარჩევნო პროცესს, ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, ხელს უშლიდნენ მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და ჩართულნი იყვნენ ამომრჩეველთა აღრიცვის და მათი ნების კონტროლში.

რაც შეეხება მედიაგარემოს, ანგარიშის თანახმად, ტრადიციული მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო და ამომრჩეველი მოკლებული იყო ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. პოლარიზაციის ხარისხი დაბალი იყო ონლაინ გამოცემებში, ონლაინ მედიის ნაწილი იცავდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების პრინციპებს.

„განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიების სახეს ატარებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენება, ასევე, მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დავები, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს“, — აცხადებს ISFED.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების წინ განხორციელებული საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ამოქმედდა საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების დანიშვნის უფრო სამართლიანი, პარიტეტზე დაფუძნებული წესი, თუმცა პრაქტიკაში საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა.

ISFED მიიჩნევს, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე, თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება.

რაც შეეხება სასამართლოს, ISFED-ის თანახმად, ძირითადად აგრძელებდა საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ პრაქტიკას და საარჩევნო კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციის გზით იღებდა გადაწყვეტილებებს; სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონური იყო და ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ცესკომ, წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, გააჭიანურა საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები დროულად იყო შეჯამებული. ამან 2017 წელს არჩეულ, ფაქტობრივად, მანდატამოწურულ საკრებულოებს შესაძლებლობა მისცა, დაემტკიცებინათ მუნიპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი