ახალი ამბები

ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს აქციებზე კარვების შემზღუდავი ცვლილებები

4 ოქტომბერი, 2023 • 1126
ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს აქციებზე კარვების შემზღუდავი ცვლილებები

არასამთავრობო ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნები” [ISFED] და “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” [TI] პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონპროექტი “შეკრებისა და მანიფესტაციის” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მათ განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს გაავრცელეს.

სწორედ დღეს განიხილავენ კანონპროექტს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.

განცხადებაში ისინი განმარტავენ, თუ რა იცვლება კონკრეტულად კანონპროექტის თანახმად:

  • მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
  • შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ: საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;
  • ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
  • წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ:

“შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად, აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს.

ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით”, — განმარტებულია მათ განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი