ახალი ამბები

სამთავრობო სტრატკომები FB-ზე ძირითადად მედიას აკრიტიკებენ – კვლევა

6 ივნისი, 2023 • 1140
სამთავრობო სტრატკომები FB-ზე ძირითადად მედიას აკრიტიკებენ – კვლევა

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სამთავრობო უწყებების სტრატკომების ფეისბუქ-გვერდების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ სტრატკომების ფეისბუქგვერდებზე პოსტების უმეტესობის შინაარსი არის კრიტიკული მედიის სიუჟეტების და მედიაპროდუქტის კრიტიკა. პოსტების მინიმალური რაოდენობა ეთმობა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს და მათთან გამკლავების მეთოდებს.

კვლევის თანახმად, სტრატკომების ფეისბუქგვერდები, განსაკუთრებით მონიტორინგის ბოლო პერიოდში, აქტივობის მაღალი დონით არ გამოირჩეოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომს კი მარტში, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი პროტესტის ფონზე, ერთი პოსტიც კი არ გამოუქვეყნებია და ბოლო პოსტი, 2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, წინა წლის ოქტომბრით თარიღდება. საქართველოს მთავრობის სტრატკომის გვერდმა 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით მხოლოდ 43 პოსტი გამოაქვეყნა. დაკვირვების პერიოდში შედარებით ყველაზე აქტიურად პოსტებს აქვეყნებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქის გვერდი.

სტრატკომების უწყებებმა ფეისბუქზე გამოჩენის პირველ ეტაპზე პლატფორმის ქართულენოვან მომხმარებლებს დებულებებით გაწერილი მიზნები და მთავარი ამოცანები გააცნეს, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და მედიაწიგნიერებაზე ზოგადი საინფორმაციო მასალებიც შესთავაზეს. ISFED-ის თანახმად, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები შემდგომ პერიოდში პოსტებს ძირითადად შესაბამისი უწყების საქმიანობაზე აქვეყნებდნენ და ამავდროულად, მასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში გასულ სიუჟეტებს და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურებოდნენ. მათ შორის, თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოქვეყნებული პოსტების 60% დაუთმო გამოხმაურებას ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დეზინფორმაციად ფასდებოდა.

სტრატკომების ფეისბუქგვერდებზე განთავსებული პოსტები შეეხებოდა კოვიდ-19-ის პანდემიასაც. შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის გვერდი კი სატელევიზიო გადაცემა „პოლიციის ფაილების“ ვიდეოჩანაწერებსაც აქვეყნებდა.

კვლევის თანახმად, მტრული სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეებს შესწავლილი 4 სტრატკომის გვერდმა მცირე ყურადღება დაუთმო. ზოგიერთ პოსტში საგარეო პოლიტიკის გამოწვევად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები სახელდებოდა. მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის გვერდმა 2021 წლის 16 სექტემბერს გამოაქვეყნა ევროპარლამენტის რეკომენდაციები ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელშიც ყურადღება მახვილდება რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის მეთოდებზე, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოყენებაზე, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე და ამ ყოველივესთან ბრძოლის გზებზე.

„საგარეო პოლიტიკის საფრთხის გამოკვეთის მიუხედავად, სტრატკომების გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს უშუალოდ საქართველო მოცემულ საფრთხეებს“, — აცხადებს ISFED.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებების მიერ განსაზღვრულ კომპეტენციებს შორისაა ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი და ანალიზი, არაქართულენოვან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები გვერდებზე არ განთავსებულა. დაკვირვების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა ერთადერთი პოსტი სოციალურ მედიაში რუსულენოვანი გვერდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. მასში საუბარია გვერდ Реалист-realtribune.ru-ს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივზე, რომ ახალქალაქში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები თითქოს უკავშირდებოდა თურქული სამხედრო ბაზის განლაგებას.

ISFED-ის შეფასებით, სტრატკომების ფეისბუქგვერდებზე გამოყენებული ლექსიკა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა საჯარო უწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტებს. მაგალითად, მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულა“ მოხსენიებული იქნა, როგორც „ბრალდებულ დავით კეზერაშვილის ტელევიზია“. ერთ-ერთი პოსტის გამოქვეყნების დროისთვის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია გვერდმა „გაკოტრებული ძალის გაკოტრებულ ლიდერად“ მოიხსენია. თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის გვერდზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების ნაწილი, მათ შორის „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“, მოხსენიებული იყო „პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებად“, „პოლიტიკური დღის წესრიგის მქონეებად“ და „პარტიულ ტელევიზიებად“. სტრატკომმა 2021 წლის თებერვალში ფეისბუქზე თავდაცვის იმდროინდელი მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც განათავსა, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი სამინისტროს საქმიანობასთან. მასში მედიასაშუალება „ტვ პირველი“ ეკლესიასა და სახელმწიფოს მტრობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაფინანსებასა და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში იყო დადანაშაულებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის გვერდმა კი ერთ-ერთ პოსტში „ტვ პირველი“ ოპონენტად მოიხსენია.

კვლევის თანახმად, სტრატკომების ფეისბუქგვერდების მონიტორინგმა აჩვენა, რომ კომუნიკაციების დეპარტამენტები დასახულ ამოცანებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ — ისინი არ გამოირჩევიან აქტიურობით, იშვიათად ქმნიან საკომუნიკაციო მასალებს; სტრატკომების ფეისბუქგვერდებზე პოსტების უმეტესობის შინაარსი არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის სიუჟეტების და მედიაპროდუქტის კრიტიკა; პოსტების მინიმალური რაოდენობა ეთმობა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს და მათთან გამკლავების მეთოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დეზინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომს რუსულ წყაროებში საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ერთადერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული.


კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სტრატკომების დებულებები, აგრეთვე, მთავრობისა და მოცემული სამი სამინისტროს სტრატკომების ფეისბუქის ოფიციალური გვერდები. ფეისბუქგვერდების მონიტორინგის პერიოდი მოიცავს მათი შექმნიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდს. პოსტების შეგროვებისათვის გამოყენებული იქნა „მეტას“ კუთვნილი სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტი „CrowdTangle“, რომელიც ფეისბუქ-გვერდების საჯარო კონტენტისა და მათზე ინტერაქციების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

კვლევის მონიტორინგის პერიოდში ცნობილი გახდა მეტას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული არაავთენტური კოორდინირებული ქსელი წაშალა. მეტას განცხადებით, ქსელი მოიცავდა 80 ანგარიშს, 9 ჯგუფს, 29 გვერდს და ინსტაგრამის ორ ანგარიშს. მთავრობის სტრატკომის მიერ მართული არაავთენტური ქსელი ჩართული იყო მარტის აქციების, ასევე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაში, ხოლო ამ პოსტების რეკლამირებაზე, ჯამში, $33 500 დაიხარჯა. ამ დრომდე, მთავრობის სტრატკომს მეტას გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ISFED აცხადებს, რომ 2021 წელს აღმოაჩინა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ფარული საინფორმაციო კამპანია ფეისბუქზე. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების სტრატკომებმა ასევე ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა კოვიდპანდემიის დროს და ვაქცინაციის შესახებ აქტიური კამპანია არ აწარმოეს.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების აქტიურად ფორმირება 2018 წლიდან დაიწყო. გამონაკლისს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტრო, სადაც მსგავსი სტრუქტურული ქვედანაყოფი ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა.

ამ დროისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ქვედანაყოფი ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და 7 სამინისტროში: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

Facebook-მა არაავთენტურ ქცევაში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ამხილა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი