ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მომავალი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტში

21 დეკემბერი, 2021 • 2387
სომხეთის მომავალი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


2021 წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაცია რეგიონში ისეთივე არასტაბილური რჩება, როგორც ერთი წლის იყო. თუ 2020 წლის დასასრულს ბევრი ფიქრობდა, რომ გლობალური და რეგიონული არასტაბილურობა შემთხვევითი და დროებითი იყო, 2021 წელმა დაგვარწმუნა, რომ ასე არ არის. 

გლობალური ფონი

ჯერ კიდევ 10 წლის წინ მსოფლიო ერთპოლარული იყო და მსოფლიო წესრიგის ძირითადი შემადგენელი ის იყო, რომ ყველა აღიარებდა თამაშის წესებს. დღეს მსოფლიო აღარ არის ერთპოლარული და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი იქნება.

არსებობს რიჩარდ ჰაასის არაპოლარული მსოფლიოს კონცეფცია და შესაძლოა, ის ყველაზე ზუსტადაც ასახავდეს არსებულ სიტუაციას. ერთი მხრივ, სწრაფად ცვალებადი ამერიკა, რომელიც ვერ ინარჩუნებს ძველ ლიდერობას და ახლის დამყარებას ცდილობს. მეორე მხრივ, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აქტიურად გამოდიან ამერიკის ლიდერობის წინააღმდეეგ, თუმცა არც ალტერნატიულ პროექტის შეთავაზება გააჩნიათ.

ეს პირდაპირ აისახება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. სამხრეთ კავკასიის საგარეო პოლიტიკის, ისევე, როგორც შიდა პოლიტიკის სიტუაციის ანალიზი საერთაშორისო პოლიტიკის გათვალისწინებით შეუძლებელია – ქვეყნები პატარაა და უცხოური გავლენებისთვის ადვილად შეღწევადი. განსაკუთრებით, ეს სომხეთს შეეხება.

რეგიონის მომავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, თუ რომელი მოთამაშეები გაამყარებენ საკუთარ პოზიციებს რეგიონში უახლოეს ათწლეულში.

ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ რუსეთი და აშშ, რომლებიც უკვე არსებობენ რეგიონში. ასევე, თურქეთი, რომელიც დომინირებს სამხრეთ კავკასიის ცალკეულ ქვეყნებში და სურს “3+3 ფორმატის” შექმნა, რომლის ფარგლებშიც თურქეთი რუსეთსა და ირანს სთავაზობს ერთობლივ კონტროლს რეგიონზე. 

რაც შეეხება რეგიონში ახალ პოტენციურ მოთამაშეებს, ეს შეიძლება გახდნენ ჩინეთი და ინდოეთი, რომელთა გავლენები და წონა რეგიონში დიდი ალბათობით გაძლიერდება.

მეორე არსებითი კითხვაა: არის კი სამხრეთ კავკასია რეგიონი? იქნებ პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი რეგიონი არ არსებობს?

თუ 1900 და 2000 -იან წლებში ბევრი რეგიონული ინტეგრაციის პროექტი იყო შემოთავაზებული, დღეს სამხრეთ კავკასია იხლიჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის, პოსტაბჭოთა ინტეგრაციისა და ახლო აღმოსავლეთის პროექტებს შორის. ამასთან, ჯერჯერობით, ფაქტობრივად, უკანასკნელის სასარგებლოდ.

თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია კავკასიის სამ ქვეყანას დასავლეთ აზიის რეგიონს აკუთვნებს და არსებული ტენდენციებიც ამას აჩვენებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო გახდება გამონაკლისი და შეძლებს შეიანრჩუნოს დასავლური ვექტორი, ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება რეგიონის დაშლისა, შესაბამისი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით.

მესამე საკითხი, რომელმაც რეგიონის მომავალი უნდა განსაზღვროს, იქნება ის, თუ როგორ დასრულდება დაპირისპირება უკრაინის გარშემო. და მთავარი საკითხი ის კი არ არის, ვინ უხელმძღვანელებს კიევს, ეს არის პარადიგმების დაპირისპირება. რუსეთი, როგორც “დერჟავა”, რომელიც საკუთარი ეგოისტური, ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, უპირისპირდება კოლექტიურ დასავლეთს – უკვე პოსტნაციონალურს, გლობალურად მოაზროვნეს. ამ კონფრონტაციის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რომელი მიმართულებით წავლენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები –  საკუთარ სუვერენიტეტს გაამყარებენ თუ დასავლური/გლობალური ინტეგრაციისკენ წავლენ.

უკრაინის საკითხი ჯერ კიდევ შორსაა დარეგულირებისგან, 2022 წელს ომის ალბათობა კი ისევ მაღალია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება წინა სამს: რამდენად იქნება კეთილდღეობა მომავალ ათწლეულში? კოვიდს უკვე მეორე წელია განმსაზღვრელი გავლენა აქვს საზოგადოებებზე და, როგორც ჩანს, გაქრობასაც ჯერჯერობით არ აპირებს. 

მეორე მხრივ, ეკონომიკური სიტუაციაც ჯერ შორს არის იდეალურისგან. ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ყოველივე ამას თან ახლავს მაღალი ინფლაცია. და რაც ყველაზე მთავარია, არსებობს ახალი ეკონომიკური კრიზისის რისკები, რადგანაც არსებული ეკონომიკური დისბალანსი არ არის აღმოფხვრილი. ეს დესტაბილიზაციურ ეფექტს მოახდენს მთელ მსოფლიოზე და მათ შორის სომხეთზეც.

 

რეგიონული ფონი

ყოველივე ზემოთქმულს ემატება ის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენა ხდება. ეს დაპირისპირება გამოიხატება შემდგომში ინტეგრაციული ფორმატების კონკურენციაში, ასევე, კონფლიქტების თემებზე მოლაპარაკებებში. მაგალითად, ყარაბაღის დარეგულირების საკითხში ფორმალური მანდატი გააჩნია ეუთოს მინსკის ჯგუფს საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის თანათავმჯდომარეობით. ამასთან, გაჩნდა კიდევ ერთი, ჯერ კიდევ არაფორმალური სამხხმრივი მოლაპარაკებების ფორმატი – სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი, როგორც მთავარი შუმავალი.

სულ უფრო აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას თურქეთი. 3+3 ფორმატის შექმნის შემთხვევაში კი ის გახდება მოლაპარაკებების პირდაპირი მონაწილე.

დაბოლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბრიუსელსა და პარიზში მიწვევის ფონზე ევროკავშირი ცდილობს შექმნას ახალი ფორმატი სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გადასაჭრელად.

უკანასკნელი ათლწეულების უმნიშვნელოვანესი ტენდენციაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გაძლიერება. ამ ტენდენციის გასააზრებლად, მოვიყვან შემდეგ ციფრებს. თუ 1980-იან წლებში რუსეთის მშპ ექვსჯერ მეტი იყო, ვიდრე თურქეთის, ახლა – მხოლოდ ორჯერ მეტია. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო დასუსტდა, ვიდრე 30 წლის წინ იყო, თურქეთი პირიქით  – გაძლიერდა. თურქეთს აღარ აკმაყოფილებს მეორეხარისხოვანი როლი, რომელიც მას დასავლეთსა და მოსკოვში მიანიჭეს და აწარმოებს საკუთარ თამაშს არა კოლექტიურ დასავლეთთან, არამედ მის პერიფერიულ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა.

სწორედ ანკარა გახდა აზერბაიჯანის მხარდამჭერიც შარშანდელი სამხედრო აგრესიისა სომხეთის და ყარაბაღის წინააღმდეგ, და მიუხედავად მოსკოვის უკმაყოფილებისა, ის წარმატებულ თამაშს დღემდე განაგრძობს. ამასთან, ეკონომიკური დინამიზმის პარალელურად, თურქეთი ფლობს სხვა მნიშვნელოვან აქტივებს: დემოგრაფიული დივიდენტი, შემაკავებელი სანქციებისა და მსგავსი ინსტრუმენტების არარსებობა, დე ფაქტო დომინანტური როლი ახლო აღმოსავლეთში [თუ ეგვიპტესა და ირანს არ ჩავთვლით] და მზარდი გავლენები, რომლბეიც არა მხოლოდ ობიექტურ ნაციონალურ სიმძლავრეებს, არამედ ინტენსიურ რბილ ძალასაც ეყრდნობა. 

ყველა ამ ფაქტორს სამხრეთ კავკასიის რეგიონი დაჰყავს რუსეთსა და თურქეთს შორის განაწილებამდე, რაც ამავე დროს ნიშნავს ერთდროულად ორივე მოთამაშის გავლენების ზრდას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.

საქართველომ უკვე განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი, 3+3 პლატფორმაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ შეიძლება ვერ გაუძლოს გარე ზეწოლას. ამასთან, უკვე გაცხადებულია 3+2 პლატფორმის შექმნა, სადაც სამხრეთ კავკასიის მეზობელი მსხვილი მოთამაშეები მოირგებენ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მაკონტროლებელ როლს.

ზუსტად ისევე, როგორც საქართველოს, სომხეთსაც უკიდურესად არ აწყობს მსგავსი პლატფორმის ფორმირება: სამხრეთ კავკასიაში ეს ფორმატი მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არის სიკეთის მომტანი, თუმცა საკითხი ეხება არა მხოლოდ ახალი იმპერიალიზმის რისკებს ან რეგიონიდან დასავლეთის განდევნას, არამედ  რეგიონში სატრანსპოტო კომუნიკაციების აღდგენაზე საუბრის მიღმა ფორმალური სუვერენიტეტის დაკარგვასაც.

თურქეთთან საზღვრების გახსნა სომხეთისთვის უფრო რისკია, ვიდრე სარგებელი. თუმცა ამ სიტუაციაშიც თურქეთი ცდილობს “მიჰყიდოს” საკუთარი გადაწყვეტილება სომხეთს, ყარაბაღისა და სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხში სერიოზული დათმობების სანაცვლოდ, ასევე, სომხეთის სამხრეთით “კოროდორის” გატარებით [რომელსაც ბაქოში ზანგეზურს, ანკარაში კი თურქულს უწოდებენ]. ყველაფერს კი ის ემატება, რომ სომხეთის ხელისუფლება ვეღარ იცავს სახელმწიფო ინტერესებს და ყველა გარე პარტნიორსა და მოწინააღმდეგეს თავს უქნევს. 

საკუთარი ტენდენციები რეგიონის ქვეყნებში 

დასავლეთის ნორმატიული ინსტრუმენტები და რბილი ძალა განმსაზღვრელ გავლენას ახდენს როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. ამავე დროს, საზღვრები უფრო დაუცველი ხდება ხისტი ძალისთვისაც, ამჯერად რუსეთისა და თურქეთის მხრიდან. ეს ტენდენციები კი მხოლოდ ძლიერდება და უახლოეს წლებში სათუო გახდება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების შენარჩუნება, რაც ყველაზე მეტად სომხეთს შეეხება. 

საგარეო და შიდა საქმეებში სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად სომხეთს არსებითი გადასხვაფერება სჭირდება, რისი განხორციელებაც ნაკლებ სავარაუდოა. გასაგებია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის აღსადგენად საჭიროა არმია და უშიშროების სამსახური. თუმცა, რა რესურსებით უნდა შეიქმნას ისინი? გადარჩენის ერთ-ერთი პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კონსოლიდაციაა, რისი საპირისპირო სურათიცაა დღეს – ტოტალური განხეთქილება.

გადარჩენის კიდევ ერთი პირობა გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაა, რომლითაც ყველა ინსტიტუტი და სტრუქტურა უნდა ხელმძღვანელობდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური, ბუნებრივი, ადამიანური და სხვა ყველა რესურსი კრიტიკულ ზღვარზეა, განვითარების ეფექტურობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეფექტურობის მისაღწევად ზუსტად მრავალმხრივ ეფექტური სტრატეგიის რეალიზაციაა საჭირო.

თუმცა სტრატეგიის მომზადება და მისი რეალიზაცია – საერთონაციონალური მასშტაბის ამოცანაა, რომლის განხორციელება მხოლოდ მისთვის გასაგები ამოცანების ირგვლივ შეკრებილ ელიტას შეუძლია. სომხეთში ასეთი ელიტა ათასი წელია არ არსებულა.

ერთადერთი შანსი ხაფანგიდან თავის დაძვრენისა იქნებოდა სტრატეგიული ხედვის მქონე ელიტის ფორმირება, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე იტვირთოს ლიდერის როლი ქვეყანაში და პასუხისმგებლობა მის მომავალზე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა არიან როგრც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.

ხარისხიანი ელიტის შექმნა ბევრ პირობას მოითხოვს – განათლება და მოტივაცია, თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო, რომელიც სომხეთს აღარ აქვს. 

არსებული ზემოთ ჩამოთვლილი საერთო ტენდენციების გარდა, არც სხვა სერიოზული ცვლილებებია გამორიცხული: მაგალითად, რამდენად მდგრადი იქნება თურქეთის საგარეო პოლიტიკური ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი ხელისუფლებას დაკარგავს? ან იქნებ რუსეთი შეცვლის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს? 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი