პარლამენტარი დავით სონღულაშვილი, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტის მომხსენებელია, აცხადებს, რომ მედიას, სპორტსა და სხვა სექტორებს, რომლებიც კანონპროექტის მიღების შემდეგ დაზიანდებიან, ახალი გამოწვევების წინაშე მოუწევთ გამკლავება.
„როგორც მედია, ასევე სპორტი, ასევე სხვადასხვა თანმდევი სექტორი, – ეკოსისტემა, რომელიც ამ სექტორის ირგვლივ არის შექმნილი, – რა თქმა უნდა, დაზიანდება და მათ ექნებათ ახალი გამოწვევები და, ახალი რეალობიდან გამომდინარე, უნდა გადაეწყონ“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
„დაახლოებით იგივე მოცემულობა იყო, როცა სატელევიზიო რეკლამა აიკრძალა, ალკოჰოლური სასმელები აიკრძალა სატელევიზიო რეკლამით, როცა შემდეგში უკვე სწრაფი სესხების აკრძალვა მოხდა. ყოველ ჯერზე იყო დაახლოებით მსგავსი რეაქცია არა მხოლოდ ტელევიზიებისგან, არამედ მიბმული ბიზნესებისგან“, – გაიხსენა პარლამენტარმა 15 დეკემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე.
„მაგრამ ბიზნესის ბუნებაც არის ის, რომ ეწყობა ახალ გარემოზე და მოცემულობაზე, რაც იქმნება. ბიზნესის პრინციპიც ეს არის: რომელიც უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს გადაწყობას, ის პოვებს კონკურენტულ უპირატესობას, რაღაც ბიზნესი ვერ გადარჩება. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესის პირობები“, – განაცხადა მან.
„აქედან გამომდინარე, ამ დეტალებში აღარ წავალ, უბრალოდ ყოველთვის არსებობდა ასეთი გამოწვევები. ახლა არ ვართ მზად, დაგიბრუნოთ პასუხი, ვიმსჯელებთ და გეტყვით [მეორე მოსმენისთვის], რა შეიძლება და როგორ შეიძლება გაკეთდეს“, – განაცხადა პარლამენტარმა.
თუმცა, დავით სონღულაშვილის თქმით, დეტალურ განხილვას აზრი არ აქვს:
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ არის ეკონომიკური გადაწყვეტილება. მას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, რაც გვაქვს გააზრებული, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშნველოვანია საზოგადოებრივი ფონი… ამის შემდეგ, რაიმე დეტალურ მსჯელობაში შევიდეთ, მგონი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
პარლამენტარი სონღულაშვილი ასევე ამბობს, რომ რეგულაციები არ უნდა ყოფილიყო სიახლე არავისთვის:
„ეს კანონპროექტი, რომელიც ალბათ 7-8 წელია მუსირებს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა უწყებაში, ვერ იქნებოდა ვერც ერთ შემთხვევაში მოულოდნელი“, – განაცხადა მან.
წინა დღით, 14 დეკემბერს, კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
კოალიციის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია და საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული.
13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.
ცვლილებების შედეგად, ჯამში, თამაში, მთავრობის თანახმად, 1 მლნ-მდე ადამიანს აეკრძალება.
ამის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება.
საგადასახადო ცვლილებები, თუკი დამტკიცდა, 1 იანვრიდან შედის ძალაში, ხოლო რეკლამის შესახებ რეგულაციები – 2022 წლის მარტიდან.
კანონპროექტთა პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.