ახალი ამბები

ცენზურის დაკანონება თუ EU-ის რეკომენდაცია — კამათი პარლამენტში

19 ოქტომბერი, 2023 • 897
ცენზურის დაკანონება თუ EU-ის რეკომენდაცია — კამათი პარლამენტში

„30 წელი ქართველი ხალხი რისთვისაც ვიბრძოდით და ასე თუ ისე მივიღეთ — გამოხატვის და მათ შორის მედიის თავისუფლება — ამის წაღება უნდათ ერთ დღეში. გუშინ დაიწყეს [განხილვა] და დღეს დაამთავრებენ“, — განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.

კანონპროექტის ავტორის და მომხსენებლის, დავით სონღულაშვილის მტკიცებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმის შექმნას.

„რომელი პუნქტია ის, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ არ მიგიღებთ, სტატუსს არ მოგცემთ, ევროკავშირისკენ გზას დაგიკეტავთ, თუ მედიას თვითრეგულირების მექანიზმი კი არ ექნება შიგნით არსებული კონფლიქტების აღმოსაფხვრელად, არამედ აუცილებელია სახელმწიფო უწყების, ბიუროკრატიის ამაში გარევა? და შემდეგ მურუსიძის სასამართლოს მიერ განმარტება იმისი, თუ რა არის სიძულვილის ენა თუ უხამსობა. როგორ აზღვევთ იმ რისკს, რომ მედიის შეზღუდვას არ დაიწყებენ ამ მუხლის გამო?“, — ჰკითხა იაგო ხვიჩიამ სონღულაშვილს.

ხვიჩიამ ასევე გააკრიტიკა მედია საკითხისადმი არასათანადო ყურადღების გამო მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით „მედიის თავისუფლების დასამარება ხდება“.

ოპოზიციის დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მოთხოვნების საფარქვეშ ცდილობს, მედიის ცენზურა დააწესოს.

„ევროკავშირის მოთხოვნების საფარქვეშ დღეს თქვენ ცდილობთ, რომ დაჩქარებული წესით მიიღოთ ცენზურის კანონი ქვეყანაში. წარმოდგენილ კანონპროექტს არ ეთანხმება არცერთი მედიაორგანიზიაცია“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, მართალია, რომ არსებობს ევროდირექტივა და ის გარკვეულ რეგულაციებს მოითხოვს, მაგრამ ტყუილია ის, რომ მარეგულირებელი ორგანოსთვის გადაცემა არის ამ დირექტივის ერთადერთი ვერსია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს მარეგულირებელი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს. დავით კირიკტაძე დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა კანონის ამოქმედების ვადის ერთი წლით გადაწევა.

„ევროპელების პირდაპირი დირექტივა თუ არის, ისე შევასრულოთ, რომ შევასრულოთ და თან არ შევასრულოთ. სასამართლოზე თუ გაგდით ეს, აქაც გავაკეთოთ, კარგ საქმეს მაინც გავაკეთებთ“, — თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ევროდირექტივა ძალიან მკაფიოდ საუბრობს თანარეგულირების მექანიზმებზე. რატომ მიდიხართ იმ გზით, რომელიც თქვენს პოლიტიკურ ამოცანას მოემსახურება და ეს პოლიტიკური ამოცანა არ არის დემოკრატიული და ლეგიტიმური ამოცანა. ბევრი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის რუსეთში, სადამდე მიიყვანა მსგავსმა რეგულაციებმა თავისუფალი სიტყვა. თუ თქვენ მოგწონთ რუსული მოდელი, რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ევროდირექტივის შესრულებაა ეს, შედეგი იქნება რუსული. თუ ევროდირექტივის შესრულებაა მიზანი, რა საჭიროა ასეთი სიჩქარე? როგორ ფიქრობთ, ევროპარლამენტი ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პარლამენტი ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებს რომელიმე აქტს“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მომხსენებლმა დაჩქარებული წესით განხილვა ახსნა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შეფასების მოახლოებით.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კრიტიკის მიუხედავად, მიიღო.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა, ზუსტად ისევე, როგორც ახლა.

ცვლილებებს მაშინაც აკრიტიკებდნენ მედიის სფეროს წარმომადგენლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. 2022-ის დეკემბერში მათი მიღების შემდეგ, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე ნაწილი არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

მიმდინარე წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მათ მიერ მიღებულ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაეთვალისწინებინა და კანონში „არსებული ხარვეზები აღმოეფხვრა“.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კი კანონის სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას გულისხმობდა და სიძულვილის ენის რეგულირება კომუნიკაციების კომისიის საქმე აღარ უნდა ყოფილიყო.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ახლა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს.

სონღულაშვილის თქმით, დეკემბერში მაუწყებლის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე ევროპის საბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები არ გამოადგათ, რადგან ევროკომისიამ, მათი გათვალისწინების მიუხედავად, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაუთვალა. სონღულაშვილის თქმით, ინიცირებული ცვლილებები თანხვედრაშია ევროკომისიის რეკომენდაციასთან. ოპოზიციამ მოითხოვა იმ წერილობითი  კომუნიკაციის გასაჯაროება, რაც სონღულაშვილს ევროკომისიასთან ჰქონდა ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რისი პირობაც მმართველი გუნდის წევრმა დადო.

ამასთან, სონღულაშვილი პირობას დებს, რომ თუ ევროკომისიის რეკომედაცია იქნება სიძულვილის ენის, ტერორიზმის მოწოდებისა და  უხამსობის თვითრეგულირების სფეროში დატოვება, მმართველი გუნდი ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

„თუ გვითხრეს, რომ არასწორად გითხარით აქამდე და ისევ დააბრუნეთ [ძველი ვერსია], დავაბრუნებთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე და არა ჩვენზე. ეს არ არის ჩემი ინიცატივა“, — თქვა სონღულაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ყველა დირექტივის გაუაზრებლად მიღებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ევროდირექტივაა მე-7 პუნქტი… ეს როგორ გავიგოთ, ვკითხეთ ჩვენს კოლეგებს ევროკომისიიდან და არა ექსპერტებს. მათ გვითხრეს, რომ ასე. ასე დავწერეთ. გვითხრეს ცოტა სხვანაირად. ამის შემდეგ ცოტა სხვანაირად გავწერეთ სამ სხვადასხვა ვარიაციად, სამივე გავუგზავნეთ და ერთ-ერთზე გვითხრეს, რომ ასე მივიღებთ თქვენგან შესრულებულად. ოღონდ ვინმემ არ იფიქროს, რომ ბრმად მივყვებით და რა დირექტივაც არ იქნება, ყველაფერს შევასრულებთ. ცალ ფეხზე დგომას არც ამ ნაწილში ვაპირებთ. ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და არ ეწინაარდმეგება დემოკრატიის პრინციპებს“, — დასძინა მამუკა მდინარაძემ.

“ოცნება” მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებებს ევროკომისიას აბრალებს

მასალების გადაბეჭდვის წესი