ახალი ამბები

დავით სონღულაშვილის გამეორებული „შეცდომა“ კენჭისყრაზე

17 აპრილი, 2024 • 8767
დავით სონღულაშვილის გამეორებული „შეცდომა“ კენჭისყრაზე

„კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო“, — წერდა დეპუტატი დავით სონღულაშვილი შარშან, 2023 წლის მარტში „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტში.

ამ პოსტის მიუხედავად, სონღულაშვილმა ერთი წლის შემდეგ, დღეს, 17 აპრილს ისევ დაუჭირა მხარი „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით.

კანონპროექტს ხმა მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ სრული შემადგენლობით, გარდა დეპუტატ გივი ჭიჭინაძისა, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონს გასულ წელს მხარი დაუჭირა, თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ამისთვის მაშინ ბოდიში მოიხადა.

„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.

არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული”, — წერდა სონღულაშვილი.

დეპუტატმა ეს პოსტი მალევე წაშალა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ პოსტში გამოქვეყნებული ტექსტი მისი გულწრფელი პოზიციაა, რომელიც არ შეუცვლია.

„რა თქმა უნდა, გულწრფელი ვიყავი. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა ამის სიღრმეებში შესვლამ შეიძლება, სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს, ამიტომ სჯობს ვთქვა – ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც გამოვხატე“, — განაცხადა სონღულაშვილმა.

მისი თქმით, არაა არსებითი, რატომ წაშალა პოსტი, ესაა ტექსტი, რომელიც მის პოზიციას გამოხატავს.

დეპუტატმა სონღულაშვილმა რუსულ კანონზე ბოდიშის პოსტი წაშალა

მასალების გადაბეჭდვის წესი