ახალი ამბები

თუ იქნება შესაბამისი პასუხი EU-დან, აუცილებლად შევცვლით – „ოცნება“ უხამსობის რეგულირებაზე

27 ოქტომბერი, 2023 • 1309
თუ იქნება შესაბამისი პასუხი EU-დან, აუცილებლად შევცვლით – „ოცნება“ უხამსობის რეგულირებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი დავით სონღულაშვილი, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესული სადავო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ შესაძლოა, კანონი ისევ შეიცვალოს, თუ ამას ევროკომისია დაავალდებულებს.

კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უხამსობის ცნება ევროდირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის მიხედვით  მისი რეგულირების საჭიროება არ არსებობს.

როგორც დავით სონღულაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, თუ ევროკომისიისგან მიიღებენ პასუხს, რომ ამის გამო დირექტივა შესრულებულად არ ჩაითველბა, მაშინ კანონს შეცვლიან.

„თუ შესაცვლელი იქნება და მაგაზე მოვა შესაბამისი რეგულაცია, აუცილებლად შევცვლით ისე, როგორც გავაჟღერე სესიაზე. თუ იქნება შესაბამისი პასუხი, რომ ამის გამო შეიძლება [შესრულებულად] არ ჩაითვალოს, როგორც გავაჟღერე სესიაზე, ისე გავაკეთებ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა. როგორც მან განგვიცხადა, უხამსობის რეგულირების ნაწილში მოხვედრაც ევროკომისიის მოთხოვნა იყო და  ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ევროკომისიის წარმომადგენლებთან ბოლოს 2 კვირის წინ ჰქონდათ.

სონღულაშვილის თქმით, კანონის შესაცვლელად ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მედიისთვის მიწოდებული განცხადებით ვერ იხელმძღვანელებენ.

როგორც სონღულაშვილი ამბობს, თუ იქნება ევროკომისიისგან ოფიციალური განცხადება, სადაც კანონის შეცვლისკენ მოუწოდობენ, მაშინ მმართველ გუნდში ამას გაითვალისწინებენ.

„თუ იქნება ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება იმას, რომ დირექტივა შესრულებულად ჩაითვალოს,  რა თქმა უნდა, [შეიცვლება], რადგან ამ კანონპროექტის მიღების ერთადერთი მიზანი იყო შესაბამისი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია.

დაახლოებით 2 კვირის წინ გვქონდა Zoom-ში შეხვედრა და იქაც გვითხრეს და პირად მიმოწერაშიც დაადასტურეს, რომ უხამსობა უნდა იყოს რეგულირებული. უფრო მეტიც, უხამსობის ნაწილი რომ არ იყოს თვითრეგულირებაში, მაგასთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს. ამას რომ თავი დავანებოთ, კონკრეტულად მათი მოთხოვნა იყო, რომ უხამსობაც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად უნდა იყოს რეგულირებული.

[ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდეც] თუ მათგან იქნება კომუნიკაცია და გვეტყვიან, [შევცვლით]. ამ ეტაპზე არც პირადი და არც ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა“, – განუცხადა ნეტგაზეთს დავით სონღულაშვილმა.


პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ცვლილებების დაჩქარებულად მიღების არგუმენტად მმართველ პარტიაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ასახელებდნენ. თუმცა მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი არა ევრორეკომენდაციის შესრულება, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიასთან კონსულტაციები ნამდვილად ჰქონდა მანამ, სანამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს წარადგენდა.

ამის შესახებ განცხადება “ნეტგაზეთს” ევროკავშირის წარმომადგენლობამ 26 ოქტომბერს მისწერა.

“ნეტგაზეთმა” მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკომისიას ერთი კვირის წინ მიმართა. შეკითხვის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ  “უხამსობის” ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და არ არსებობს მისი რეგულირების საჭიროება დირექტივის მიხედვით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი