ახალი ამბები

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა

30 ნოემბერი, 2021 • 2325
დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც მოსახლეობა წლებია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს, ჯვარი აღმართეს.

საუბარია დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონზე, სადაც ფეხბურთის ფედერაცია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დახურული სტადიონის მშენებლობას გეგმავს. პარალელურად, მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები პარკთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იგნორირებულია.

ნეტგაზეთმა სამეზობლოს კითხვით მიმართა, თუ რატომ გადაწყვტიეს ადგილზე ჯვრის აღმართვა. მათ წერილობით გვიპასუხეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საპროტესტო აქციებისა თუ მიმართვებისა, არც მთავრობა და არც მუნიციპალიტეტი მათ არ უსმენს.

„ჩვენი უამრავი მცდელობა, კანონიერი მოთხოვნა და მოლაპარაკება არავინ გაითვალისწინა და „ძალის” გამოყენებით ჩვენი დაჩაგვრა გადაწყვიტეს, ამიტომ იძულებული გავხდით, მიგვემართა ყველასთვის, ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანდა და პარკის აღდგენა/მოწყობაში გვერდში დაგვიდგებოდა.

გადათხრილ ტერიტორიაზე დავრგეთ ასამდე ნერგი, სისტემატურად იმართება საღამოები, სადაც სამეზობლო იკრიბება და ბავშვებთან ერთად სხვადასხვა თამაშობა ეწყობა.

აქვე ახლოს არის ეკლესია, საიდანაც ხალხი წირვის დამთავრების შემდეგ ამოდიოდა და უერთდებოდა პროეტსტს. მოსახლეობის გულისტკივილი სასულიერო პირებამდეც მივიდა. სამეზობლოს ნაწილმა საკუთარი ინიციატივით მიმართა თხოვნით სასულიერო პირს და თანადგომა სთხოვეს, რასაც უმრავლესობამ მიესალმა და მეტი შემართებით დაიწყო ამ ტერიტორიის დაცვა“, – აცხადებენ სამეზობლოში.

ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობამ სხვადასხვა წყაროიდან მიიღო ინფორმაცია „რომ ფედერაცია კვლავ გეგმავდა ტერიტორიაზე შემოსვლას, ჩვენ მიერ დარგული ნერგების განადგურებას და სამშენებლო სამუშაოების განახლებას“.

„მოსალოდნელი იყო, რომ ეს პროცესი დიდ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, სწორედ ამიტომ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებითა და ხელით დამზადებული ჯვარი აღემართა და უბნის მოძღვრის მეშვეობით ეკურთხებინა. ეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის სიმბოლური ჟესტი, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებების დაცვა.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეს უფლება. ჩვენს შემთხვევაში პირიქით ხდება, უფლება ილახება! აღმართული ჯვარი არის სიმბოლო, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ჩვენი ხელით გავაშენოთ პარკი“, — ამბობენ მოქალაქეები.

სამეზობლოს ბრძოლა პარკისთვის

დიღმის მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები უკვე არაერთი თვეა ითხოვენ, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს. თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ. საუბარია 10589 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნებისა – ფეხბურთის ფედერაციას მაინც გადაეცა.

„ბოლო პერიოდში ფედერაციასთან შეხვედრა არ გამართულა. ვფიქრობთ, რომ საჯარო სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და ამ გზით გადაიჭრას ჩვენ შორის წარმოშობილი დავა. გადაწყვეტილების მიმღები პირები მოსახლეობას უნდა შეხვდეს , მოუსმინოს და მათი აზრი გაითვალისწინოს. მათ უნდა დაინახონ, რომ ამ ტერიტორიის საჯარო რეკრეაციულ სივრცედ დარჩენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – უთხრა ნეტგაზეთს წერილობით პასუხში სამეზობლოს წარმომადგენელმა.

სტადიონის აშენების წინააღმდეგ გამართული ადგილობრივების აქცია. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ამ ეტაპზე სტადიონის პროექტი არქიტექტურის სამსახურმა ჯერ კიდევ ივლისში დაუხარვეზა და განუხილველი დატოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შესწორებული პროექტის შეტანის შემთხვევაში, ფედერაციამ აქ სტადიონი სამომავლოდ არ ააგოს. სწორედ ამას შიშობს მოსახლეობაც.

დიდი დიღმის მოსახლეობისთვის თითოეულ სარეკრეაციო სივრცეს, ფაქტობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში აღნიშნულ უბანში ასეულობით ახალი მრავალსართულიანი სახლი აშენდა, მჭიდრო დასახლებაში კი სულ უფრო მცირდება რეკრეაციული ზონებისთვის, პარკებისა და სკვერებისთვის დათმობილი სივრცეები.

მე-2 მიკრორაიონში არსებული თავისუფალი ტერიტორიის ნაწილზე, რომელსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა, თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. შედეგად, საერთო სარგებლობის სივრცე ისედაც შემცირდა. მოსახლეობის თქმით, ცენტრის აშენებას მუნიციპალიტეტისგან დაპირებაც მოჰყვა, რომ დარჩენილი სარეკრეაციო სივრცე მოწესრიგდებოდა, თუმცა, კეთილმოწყობის ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, აქ ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გადაწყდა.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნებია:

  • მოწესრიგდეს არსებული საზოგადოებრივი სივრცე და შეუნარჩუნდეს საზოგადოებას, ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის;
  • სტადიონისთვის გამოიყოს ალტერნატიული, პროექტისთვის უფრო ხელსაყრელი ფართი დიდი დიღმის ტერიტორიაზე.

მთავარი ფოტო: ნინო ნაცვლიშვილი

ვრცლად მოქალაქეების მოთხოვნებზე წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

დახურული სტადიონი პარკის ნაცვლად — დიდ დიღომში სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას ითხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი