ახალი ამბები

მერიის მაღალჩინოსანი საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის GWP-ს აკრიტიკებს

25 ოქტომბერი, 2023 • 1207
მერიის მაღალჩინოსანი საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის GWP-ს აკრიტიკებს

თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეუძლებელია როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

“თბილისმა დიღომს სავიზო რეჟიმი დაუწესა!?”; “დღეს დიღომი მოკვდა, გამოსვენება ხვალ დილით 9:30 ზე, იმედის კლინიკასთან.” “ავტობუსები გაჩერებულები არიან ღია კარებით. როცა გინდა ჩადი და ამოდი, გაჩერებამდე ვერ მიდიან, ერთ ადგილას დგას მანქანაც და ავტობუსიც. შეიძლება ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ და მცოცავი საცობია, მაგრამ არა, უძრავია.” “ეს უკვე კატასტროფაა!!! 1 საათი ვერ გავედი დიდი დიღმიდან. მერიამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები.”

დიდი დიღმის მცხოვრებლები დილიდან ასე გამოხატავენ აღშფოთებას სოციალურ ქსელებში, ქუჩასა და ტრანსპორტში. ეს  იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლათ და ასვლა შეძლეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ყველაფერი ერთი უპასუხისმგებლო კომპანიის ბრალია, კერძოდ კი- GWP-ის.

“პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი. ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზ ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს. ამასთან ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს [GWP-მა] რა ხდება და რა დრო დაჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად. P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ”, – წერს წილოსანი.

ატეხილი ხმაურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს GWP-იც და აუცილებელი საჭიროებით ხსნის სამუშაოების გახანგრძლივებას, რომელიც, კომპანიის თქმით, მთელი ღამით ინტენსიურად მიმდინარეობდა.

“გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა. სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც დიდი დიღმის მოსახლეობა ადასტურებს, 25 ოქტომბრის დილა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, თუმცა დღევანდელი კოლაფსის გარდა, უბნის მოსახლეობა სხვა სამუშაო დღეებშიც ჩივის, რომ დილის საათებში უბნიდან გასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება უჭირს. დიდ დიღომში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე უბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში გადაადგილებას არჩევს სარაჯიშვილის მეტრომდე ავტობუსით მისვლით და იქიდან მეტროს საშუალებით გზის გაგრძელებით. ეს გზა, ორი და სამი ტრანსპორტის გამოცვლის მიუხედავად, უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა ტრანსპორტის არჩევა, რომელიც შესაძლოა პირდაპირაც მიდიოდეს დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, დილის და საღამოს პიკის საათებში ყველაზე დიდი დატვირთვა ავტობუსების იმ ხაზებზე მოდის, რომელიც მოსახლეობას სარაჯიშვილის მეტროსთან აკავშირებს.

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მიმართულების გარდა, დიდი დიღმისა და მიმდებარე დასახლებების ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზა ქალაქთან არის დიდუბის მიმართულება. დედაქალაქის მერიის ცნობით, 2024 წლის იანვრისთვის იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება. ეს სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი