ახალი ამბები

დახურული სტადიონი პარკის ნაცვლად — დიდ დიღომში სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას ითხოვენ

10 ივნისი, 2021 • 4188
დახურული სტადიონი პარკის ნაცვლად — დიდ დიღომში სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას ითხოვენ

დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონის მოსახლეობა უკვე წლებია, არსებული ღია სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებასა და პარკის გაშენებას ითხოვს. თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათთვის მოულოდნელი, თან, უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო — არსებული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, სადაც საწვრთნელი ბაზა და დახურული სტადიონი აშენდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბანში ისე გადაწყდა სტადიონისა და საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისას გაიგეს, რომ ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობასაც 2016 წლიდან ითხოვენ, ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას იწყებს.

ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში ნეტგაზეთს განუმარტეს, დიდ დიღომში მშენებარე საფეხბურთო ცენტრის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და მას  FIFA-ს პროგრამა “ფორვარდის” თანადაფინანსებით აშენებენ. ფედერაციის ინფორმაციით, ასეთი ცენტრები თბილისში უკვე არსებობს და კიდევ იგეგმება აშენება.

ფედერაცია ირწმუნება, რომ საფეხბურთო ცენტრის გამოყენების შესაძლებლობა უფასოდ ექნებათ ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულ და ქალთა გუნდებს.

“ამას გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, შეხვედრები გაიმართა ფეხბურთის ფედერაციასა და საინიციატივო ჯგუფს შორის, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული. მოვისმინეთ მათი შეხედულება და შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმ ჩარჩოებში, რომელშიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოხმარება მიღებულია, შესაბამისი სპორტული ეკიპირებით, ადგილობრივ მოსახლეობას სტადიონის გამოყენება შეეძლება. მოთხოვნის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაცია სიხარულით გამოყოფს დროს”, — წერია ფედერაციის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

სტადიონის პროექტი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

სტადიონის პროექტი. ფოტო: სოფო აფრიამაშილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადგილას სტადიონის მშენებლობის საკითხს, ფედერაცია განმარტავს, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს უკვე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ძველი, მიტოვებული სტადიონების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს.

მათი განცხადებით, დიდი დიღმის მე-2 კვარტალში, აღნიშნულ ადგილზე წლების განმავლობაში არსებობდა საფეხბურთო მოედანი, რომელიც ამჯერად განადგურებულია. ფედერაციის განმარტებით ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროსგან კონკრეტული ვალდებულებით გადაეცათ, რომ აქ აშენებულიყო სპორტული კომპლექსი.

“შესაბამისად, ვალდებულები ვართ შევასრულოთ აღნიშნული”, — აცხადებს ფედერაცია.

რატომ აპროტესტებენ ადგილობრივები სტადიონს

დიდი დიღმის მოსახლეობისთვის თითოეულ სარეკრეაციო სივრცეს, ფაქტობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში აღნიშნულ უბანში ასეულობით ახალი მრავალსართულიანი სახლი აშენდა, მჭიდრო დასახლებაში კი სულ უფრო მცირდება რეკრეაციული ზონებისთვის, პარკებისა და სკვერებისთვის დათმობილი სივრცეები.

მე-2 მიკრორაიონში არსებული თავისუფალი ტერიტორიის ნაწილზე, რომელსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა, თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. შედეგადაც, საერთო სარგებლობის სივრცე ისედაც შემცირდა. მოსახლეობის თქმით, ცენტრის აშენებას მუნიციპალიტეტისგან დაპირებაც მოჰყვა, რომ დარჩენილი სარეკრეაციო სივრცე მოწესრიგდებოდა, თუმცა კეთილმოწყობის ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, აქ ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გადაწყდა.

მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ფოტო: სოფო აფრიამაშილი/ნეტგაზეთი

ფეხბურთის ფედერაციის დაპირებით, სხვადასხვა საფეხბურთო პროფესიული და მოყვარული გუნდები სტადიონით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ. ადგილობრივებისთვის ეს არ არის ღირებული არგუმენტი, რადგან საფეხბურთო ცენტრი მაინც მხოლოდ კონკრეტული ინტერესის მქონე, ფეხბურთით დაინტერესებულ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.

“ამ ადგილას სამი სტადიონი იყო, სამივე ღია ტიპის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. ჩვენი შვილები აქ გაიზარდნენ, აქ თამაშობდნენ. ბოლო პერიოდში ნამდვილად მისახედი იყო აქაურობა, მაგრამ ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს ყოფილიყო ღია ტიპის რეკრეაციული სივრცე, ხელმოწერებიც შევაგროვეთ რამდენჯერმე და გამგეობაში და მერიაში შევიტანეთ. ყოველ ჯერზე გვეუბნებოდნენ, რომ განიხილავდნენ და ბოლოს კი მივიღეთ დახურული ტიპის სტადიონი, რომელიც არ იქნება საზოგადოებისთვის. ააშენონ ღია ტიპის სტადიონი, კორტი ან სხვა რამ მაგრამ იყოს ღია ტიპის საზოგადო სივრცე, რომელიც ხალხისთვის იქნება”, — ამბობს ნეტგაზეთთან ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დავით ივანიძე.

აქცია სტადიონის გადასარჩენად. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი აქცია სტადიონის აშენების წინააღმდეგ. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ნანა ინასარიძე ნეტგაზეთს უყვება, რომ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ახლა სტადიონის აშენება იგეგმება, ოჯახთან ერთად 33 წლის წინ დასახლდა. მას შემდეგ ეს ტერიტორია როგორც მისი შვილებისთვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვის განტვირთვის ადგილს წარმოადგენდა და ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე სწორედ ადგილობრივები ზრუნავდნენ.

“ეს ტერიტორია ჩვენ გავამწვანეთ, მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელებით დავრგეთ ხეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოთხარეს ან მოჭრეს. ვიცი, რომ მიწა სახელმწიფოსია, მაგრამ ჩვენ წლების მანძილზე ვუვლიდით და ვიყენებდით როგორც სარეკრეაციო ზონას. ახლა ადგილობრივები ამ ტერიტორიით ვერ ისარგებლებენ. გარდა ამისა, იქნება ხმაური და ვერც დიდი დაისვენებს და ვერც პატარა. დიდ დიღომში უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება სტადიონის გაკეთება და გააკეთონ სხვაგან”, — ამბობს ნანა ინასარიძე.

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი.ნეტგაზეთი

ადგილობრივებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ანდრო ტატიშვილი კი განმარტავს, რომ სტადიონი აშენების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პრობლემას შექმნის, მათ შორის, შესაძლოა, შეიცვალოს მიკროკლიმატი და ავტომანქანებით გადაიტვირთება საცხოვრებელი კორპუსის ეზოები:

“მსგავსი ტიპის კომპლექსს სჭირდება მისასვლელი სამანქანო გზა, რომელიც იქ, უბრალოდ, არ არსებობს. მისასვლელად იქნება მხოლოდ კორპუსის ეზოები, სადაც მანქანით მოძრაობა არც ისე მარტივია. თითოეული მანქანიანი მაცხოვრებელიც დაგვეთანხმება, რომ ხშირად ჩვენ გვიჭირს ჩვენს ეზოებში შესვლა და იქ მიმსვლელი მანქანების, ავტობუსების, თუნდაც სასწრაფოსა და სახანძროსთვის ეს, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება”, — განმარტა ტატიშვილმა.

რაც შეეხება მიკროკლიმატს, ტატიშვილი მიიჩნევს, რომ სტადიონის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილზე უნდა ჩატარებულიყო სპეციალიზებული კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფითად, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედანი უბნის სიჯანსაღესა და კლიმატზე გავლენას არ იქონიებდა.

აქცია სტადიონის გადასარჩენად. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი სტადიონის აშენების წინააღმდეგ გამართული ადგილობრივების აქცია. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

“არ არსებობს ლოგიკა, რომელიც დაგვაჯერებს, რომ უბნის შუაგულში სტადიონის მოწყობით ხალხისთვის კარგი კეთდება. დღევანდელი განაშენიანების პირობებში, დიდი დიღომი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცეების ნაკლებობაა. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა და მოსახლეობისთვის არ გამოიყოფა და მოეწყობა საკმარისი ფართის გამწვანებული ან/და საზოგადო სივრცე, ვიფიქროთ ისეთი ინფრასტრუქტურის აშენებაზე როგორიც არის დახურული ტიპის საფეხბურთო სტადიონი”, — ამბობს ტატიშვილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სტადიონისთვის შერჩეული ტერიტორია დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონისთვის ერთადერთი თავისუფალი ადგილია, სტადიონის მშენებლობით კი სამუდამოდ გამოირიცხება მეორე მიკრორაიონის ტერიტორიაზე პარკის, სკვერის ან სხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივები ითხოვენ, რომ:

  • მოწესრიგდეს არსებული საზოგადოებრივი სივრცე და შეუნარჩუნდეს საზოგადოებას, ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის
  • სტადიონისთვის გამოიყოს ალტერნატიული, პროექტისთვის უფრო ხელსაყრელი ფართი დიდი დიღმის ტერიტორიაზე

ტატიშვილის თქმით, სტადიონის მშენებლობის პროცესში ჩართული მხარეები არ გამოხატავენ ნებას, რომ მოსახლეობას პროექტის შესახებ არსებული მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ და პასუხები გასცენ ადგილობრივების კითხვებს.

“ჩვენი არც ერთი მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული”

თბილისის მერიისთვის წლების წინ ცნობილი იყო, რომ ადგილობრივებს დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა სურდათ. მოქალაქეებმა ამ თხოვნით 2500 ხელმოწერაც კი შეაგროვეს, მაგრამ უშედეგოდ.

მერიაში როგორც ამბობენ, ამ ტერიტორიაზე წლების წინ საფეხბურთო მოედანი იყო, რომელსაც “ჰქონდა საფეხბურთო მოედნის ვიზუალი, რის გამოც საბურთალოს გამგეობამ იქვე, დაახლოებით 70 მეტრში, 8 000 კვ.მ ფართობზე მოაწყო სკვერი”.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სკვერი “ფიზიკურად არ არის საკმარისი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გადავსებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში (განსაკუთრებით დილით და საღამოს) და ვერ იტევს მოსახლეობას”.

ამასთან, ადგილობრივების განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც აღნიშნულ სივრცეში მშენებლობის მოსამზადებელი სამუშოების დაწყება შენიშნეს და ამ საკითხით დაინტერესდნენ.

მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის სტადიონის მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი რამდენიმე შეხვედრა გაიმართა საბურთალოს და დიდი დიღმის გამგეობის, საკრებულოს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის, თუმცა მხარეები კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ.

“სამწუხაროდ, არც ერთი ჩვენი მოთხოვნა დღემდე არ არის გათვალისწინებული. დღესდღეობით, პროტესტი გრძელდება პარტიზანული აქციებით რომელიც მიმართულია შემოღობვის სამუშაოების ფიზიკურად გაჩერებისკენ და ასევე ფორმალური პროტესტით, რაც გამოიხატება დაინტერესებული და ჩართული მხარეების ადრესატით გაგზავნილი საჩივრებით და წერილებით. ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური პარტიზანულმა მოქმედებებმა გამოიწვია შედეგი და მათ საშუალება არ ეძლევათ სამუშაოების დაწყების”, — უთხრა ნეტგაზეთს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ანდრო ტატიშვილმა.

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი.ნეტგაზეთი

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადგილობრივებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართეს განცხადებებით.

ისინი აღნიშნავენ, რომ ნაკვეთზე, სადაც საფეხბურთო ცენტრის აშენება იგეგმება, ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობა, მათ შორის, დახურული საფეხბურთო სტადიონის მოწყობა, “დიდი დიღმის მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნებთან, მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტების პრინციპებთან, შინაარსებთან და მიზნებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის და ადგილობრივების ინტერესები ირღვევს”.

სწორედ ამიტომ, მეორე მიკრორაიონის მოსახლეობა მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართავს:

  • სტადიონის მშენებლობის მიზანშეწონილობის და უბნის რეალურ საჭიროებებს დასადგენად, ჩატარდეს ურბანულ-გეგმარებითი კვლევა, როგორც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ასევე მოწვეული ექსპერტების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით;
  • სტადიონის არქიტექტურული პროექტის განხილვის პროცესში ჩართული იქნას მოსახლეობის ინტერესების წარმომადგენლები.

მოსახლეობა თბილისის მერსაც მიმართავს და მისგან მოითხოვს, გააუქმოს სადავო ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის ნებართვა. როგორც ისინი ამბობენ, უკვე შეგროვებული აქვთ სტადიონის მოწინააღმდეგეთა 1 500-მდე ხელმოწერა. ისინი პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ.

 

გარეკანის ფოტო: ელენე მეჩითოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი